უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპას მოუწოდა, მეტი მხარდაჭერა გაუწიოს იმ ქვეყნებს, მათ შორის სომხეთს, რომელთა თავისუფლების შეზღუდვასაც, მისი თქმით, რუსეთი ცდილობს.

ამის შესახებ ზელენსკიმ Facebook-ში დაწერა უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ ოლეგ ივაშჩენკოსთან შეხვედრის შემდეგ.

„მიგვაჩნია, რომ ევროპამ გაცილებით მეტად უნდა დაუჭიროს მხარი თითოეულ იმ ხალხს, რომელსაც რუსეთი კბილებით ჩაეჭიდა და თავისუფლებისკენ არ უშვებს. ამჟამად ეს განსაკუთრებით სომხეთს ეხება. ამ ქვეყანაში არჩევნების წინ ეს საკითხი მხოლოდ ამა თუ იმ პოლიტიკური არჩევანის შესახებ არ არის. ეს არის ხალხის ფუნდამენტური უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი.

ევროპას აქვს ყველა საჭირო შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს იმ ფუნდამენტურ წესებს, რომლებიც ყოველთვის მუშაობდა და მომავალშიც იმუშავებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამ მიმართულებით პარტნიორებთან მუშაობის ფარგლებში ჩვენი შესაბამისი წინადადებებიც გვექნება. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება“, – ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.