უნგრეთის ახალმა მთავრობამ მოხსნა ვეტო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის ოფიციალურ გახსნაზე.
დღეს, Coreper II-ის ფორმატში ევროკავშირის ელჩების მიმდინარე შეხვედრის დღის წესრიგში, „პოზიტიური განვითარებების“ გათვალისწინებით, დაემატა უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების საკითხი, დღის ბოლოს კი კვიპროსის თავმჯდომარეობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაიწყო უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებებში პირველი კლასტერის ოფიციალური გახსნისთვის მზადების პროცესი.
ევროკავშირში გაწევრიანება მოიცავს მოლაპარაკებებს ევროკავშირის წესებისა და კანონების კრებულის (Acquis Communautaire) ამჟამად 35 თავის მიხედვით. მოლაპარაკების თავები 6 თემატურ ბლოკშია. ყველაზე რთულად მიიჩნევა პირველი კლასტერი საფუძვლების შესახებ (fundametals), რომელიც პირველ რიგში იხსნება და ბოლოს იხურება.
„დღეს Coreper-ის შეხვედრაზე ჩვენ დავიწყეთ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებებში პირველი კლასტერის ოფიციალური გახსნის პროცესი, რაც მათი ევროპული ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. კვიპროსის თავმჯდომარეობა, რომელიც ხელმძღვანელობს დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომით, ხელს უწყობს გაფართოების პროცესს, რომელიც ევროკავშირის სტრატეგიული პრიორიტეტი და მისი ერთ-ერთი ყველაზე გარდამქმნელი პოლიტიკაა“, — განაცხადა კვიპროსის თავმჯდომარეობამ.
ევროკავშირის საერთო პოზიცია პირველი კლასტერის გახსნის შესახებ, საბჭოს შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, ოფიციალურად დამტკიცდება მომდევნო კვირაში. გეგმის მიხედვით, მას შემდეგ, რაც საბჭო დაასრულებს აუცილებელ განხილვებს, 15 ივნისს, ლუქსემბურგში გაიმართება ორი ცალკეული მთავრობათაშორისი კონფერენცია — ერთი უკრაინისთვის და ერთი მოლდოვისთვის.
მართალია, 2023 წლის დეკემბერში, ევროპული საბჭოს სხდომაზე უნგრეთმა არ დაადო ვეტო უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება, თუმცა შემდეგ ეტაპებზე კლასტერების გახსნას ორი წელზე მეტია ბლოკავდა.
