მთავრობის ადმინისტრაციასთან 45-დღიანი ღამისთევის შემდეგ, დღეს, 3 ივნისს, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოსვლის შემდეგ ერთ-ერთმა მშობელმა, ზაქარია გვიშიანმა განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა იმედის მომცემი იყო და შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც თითოეული ის მედიკამენტი იქნება განხილული, რომლის შემოტანასაც მშობლები ითხოვენ.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრას მიხეილ სარჯველაძეც ესწრებოდა. როგორც გვიშიანი ამბობს, შეხვედრაზე დაპირებები არ მოუსმენიათ, თუმცა იმ მედიკამენტების უკუჩვენებებსა და უსაფრთხოებაზე, რომლებსაც მშობლები ითხოვენ, საუბარი არ ყოფილა.
„დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი კობახიძესთან. დეტალურად გადავეცით ჩვენ ინფორმაცია მედიკამენტებთან, მიმდინარე პროცესებთან და იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა საჭირო უწყვეტი აქციის გამართვა მთავრობის სასახლის წინ.
ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი, რადგანაც ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან, გავცვალეთ ინფორმაციები, ჩვენ ვხედავთ უკვე მზაობას, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე მაქსიმალურად მიიღებს ინფორმაციას და ჩვენ შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, ფორმატი. ჩვენ მაქსიმუმ ზეგ ისევ შევხვდებით და ცალკეულ საკითხებს გავლით, რაც დღეს ვერ მოხერხდა.
ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი პროცესები არ არის პოლიტიკურად მართული. ბუნებრივია, ჩვენ, მშობლები, რომლებიც ვართ ჩართული ამ პროცესში, ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის მედიკამენტების მიღება. ის პროცესი, რომ საზოგადოებამ გამოხატა სოლიდარობა, ეს არ არის არავის მხრიდან მართული და ეს დაკავშირებულია მხოლოდ იმ პროცესებთან და იმ საჭიროებებთან, რაც აუცილებელია ამ ბავშვებთან მიმართებაში.
არანაირი კომუნიკაცია ჩვენ არ გვქონდა ფარმაცევტულ კომპანიებთან და ძალიან ცუდად ჟღერდებოდა ეს, რომ თითქოს ფარმაცევტული მაფიის მართული იყო რომელიმე მშობელი ან ორგანიზაცია და ამ კითხვებსაც გაეცა პასუხი. არაერთი მედიკამენტზე, რომელიც აღიარებულია როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში და ბოლოს დიდმა ბრიტანეთმაც აღიარა მედიკამენტები, ამაზე გაიცვალა ინფორმაციები.
მიიღო საჭირო ინფორმაცია ჩვენი მხრიდან, რატომაც ვითხოვდით ამ ხნის განმავლობაში შეხვედრას, ყველა ინფორმაცია მიწოდებული იქნა პრემიერ-მინისტრისთვის. გავიარეთ ყველა საკითხი, მაგრამ დარჩა უამრავი საკითხი და ძირითადი გადაწყვეტილებები, რაც უნდა გავიაროთ შემდგომი შეხვედრებისას“, – განაცხადა ზაქარია გვიშიანმა.
რაც შეეხება იმას, გააგრძელებენ თუ არა მშობლები მთავრობის ადმინისტრაციის წინ ღამისთევას, ზაქრო გვიშიანის განცხადებით, ეს გადაწყდება სხვა მშობლებთან კონსულტაციის შემდეგ.
დიუშენით დაავადებული კიდევ ერთი ბავშვის მშობლის, თაკო გოგალაძის განცხადებით, მშობლები ელიან, რომ ზეგ დილით ისევ მოხდება კობახიძესთან შეხვედრა, ფარმაცევტულ კომპანიებთან კონტაქტზე გასვლა და ნაბიჯები გადაიდგმება უმოკლეს დროში.
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს თითქმის ორი წელია ჯანდაცვის სამინისტროსთან აქვთ მოლაპარაკება წამლის დაფინანსებაზე.
2025 წლის ბოლოს მათ გადაწყვიტეს, რომ მიხელ სარჯველაძესთან დახურულ კარს მიღმა საუბარი უშედეგოა და სამინისტროსთან აქცია გამართეს, სადაც საზოგადოებას მხარდაჭერა სთხოვეს. 2026 წლიდან საპროტესტო აქციებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლა – მშობლები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.
20 აპრილიდან მათ უწყვეტი, 24-საათიანი პროტესტი დაიწყეს – დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტთა ოჯახის წევრები და მათი მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციის წინ, პარკში, ღია ცის ქვეშ ათენებენ. ამ ხნის განმავლობაში მათ არაერთი განცხადება დაწერეს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით, თუმცა, უშედეგოდ. ბოლოს მშობლებმა პირველ ივნისს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართეს. ივანიშვილისთვის მიმართვიდან 2 დღის შემდეგ კი მშობლებს ირაკლი კობახიძე შეხვდა.
