დემეტრე ჩიქოვანსა და ანი ნასყიდაშვილს, რომლებიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო 27 მაისს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში, სასჯელი დღეს, 2 ივნისს განესაზღვრათ.
ჩიქოვანს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადების ბრალდებით, ხოლო ანი ნასყიდაშვილს – 7 წელი, ბრალდებით, რომ მისთვის ცნობილი იყო დანაშაულის მომზადებისა და ჩადენის შესახებ და მან ეს დაფარა. ეს სისხლის სამართლის კოდექსიდან მათთვის მიყენებული მუხლებით გათვალისწინებული უმაღლესი სასჯელია. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, მათ სასჯელის 1/4 ჩამოაკლდებათ. დემეტრე ჩიქოვანი ციხეში 9 წელსა და 9 თვეს გაატარებს, ანი ნასყიდაშვილი — 5 წელსა და 3 თვეს.
განცხადება გაავრცელა პროკურატურამაც:
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა დაგეგმეს.
2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი თავდასხმის მოსაწყობად, თუმცა ამ დღეს, მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.
2025 წლის 1 ოქტომბერს, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა”, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ჩიქოვანისა და ნასყიდაშვილის ჩათვლით, რომელთაც განაჩენი მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ გამოუტანა, საქმეზე 5 პირს გამოუტანეს განაჩენი.
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე პირველი განაჩენი 5 აპრილს გამოცხადდა. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დამნაშავედ ცნო ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე. 8 აპრილს მათ 14-14 წლით პატიმრობა მიესაჯათ. სასჯელი მათაც 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა და 6 თვეს გაატარებენ.
გუშინ, პირველ ივნისს დამნაშავედ ცნეს და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს, რომელსაც ასევე ჩამოაკლდა 1/4 და საბოლოოდ პატიმრობა 3 წლით განესაზღვრა.
28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს, 2025 წლის პირველ ოქტომბერს თემქაზე, სამსახურიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე არასრულწლოვნები თავს დაესხნენ. ის 24 ოქტომბერს კლინიკაში ისე გარდაიცვალა, რომ გონზე არ მოსულა.
