ყოფილმა საჯარო მოხელემ, დიმიტრი ჯამბურიამ, რომელსაც ტროტუარზე დგომის საბაბით 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, ეს გადაწყვეტილება სტრასბურგში გაასაჩივრა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჯამბურიას ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
დიმიტრი ჯამბურიას 4-დღიანი პატიმრობა მოსამართლე დავით მაკარაძემ შეუფარდა 2026 წლის 23 იანვარს. შსს მას ედავებოდა 2025 წლის 17 იანვარს, პროევროპული აქციის მიმდინარეობისას, ტროტუარზე დგომას. უფრო ზუსტად, როგორც ამას შსს-ს იურისტები და თავად მოსამართლეები განმარტავენ – ტროტუარზე მიზანმიმართული დგომა გამვლელი მოქალაქეებისთვის გადაადგილებაში ხელის შეშლას იწვევს.
საია-ში აცხადებენ, რომ ჯამბურიას საქმეზე დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 4 მუხლი:
- საქმის სამართლიანი განხილვის უფლება;
- შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება;
- დისკრიმინაციის აკრძალვა;
- უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვა.
განვიხილოთ თითოეული მათგანი:
საია-ს იურისტები აცხადებენ, რომ საქმის განხილვისას ეროვნულმა სასამართლოებმა მტკიცებულებები ობიექტურად არ შეაფასეს. გარდა ამისა, მხედველობაში არ მიიღეს დაცვის მხარის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები. ორგანიზაციის შეფასებით, მოსამართლეებმა “მიიღეს შაბლონური გადაწყვეტილებები”.
“სასამართლოებმა უგულებელყვეს ის ფაქტი, რომ შსს-მ ვერ დაამტკიცა მომჩივნის მიერ ტროტუარის განზრახ ბლოკირება და “საზოგადოებრივი საჭიროების” არსებობა”, – განმარტავენ საია-ში.
რაც შეეხება შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას, ამ შემთხვევაში საია სარჩელში მიუთითებს, რომ კანონში მითითებული ტერმინი “ხელის შეშლა” “უკიდურესად ბუნდოვანი და ფართო ფორმულირების” საშუალებას იძლევა. ეს, თავის მხრივ, სამართალდამცავებს საშუალებას აძლევს, ბოროტად გამოიყენონ ჩანაწერი.
“თბილისის საქალაქო სასამართლომ განუხილველად თავის თავშივე დამტკიცებულად მიიჩნია შსს-ს ის მტკიცება ფაქტად, რომ მათი თქმით, ამ აქციასთან მიმართებით გაკეთებული გაფრთხილებები არ იყო სათანადო ფორმით წარმოდგენილი, რის საფუძველზეც აქცია შსს-მ ჩათვალა არაკანონიერად. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ ცნო მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მტკიცებით მცირერიცხოვანმა აქციამ ფეხით მოსიარულეთა ნაწილი დროებით შეაფერხა. თუმცა მოსამართლეს საერთოდ არ შეუფასებია არც ის ფაქტი, რომ მომჩივანს რეალურად ჰქონდა გაგონილი შსს-ს გაფრთხილების შესახებ, რომ აქცია დაშლილიყო, არც დაბრკოლების სიმძიმე, არც ალტერნატიული ადგილმდებარეობების შეთავაზების გაკეთების არსებობა და, რაც მთავარია, არც მომიტინგეთა მხრიდან გადაადგილების შეზღუდვის წინასწარი განზრახვა”, – წერია საია-ს განმარტებაში.
გარდა ამისა, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ “პროტესტი, თავისი ბუნებით, გარკვეულ ფიზიკურ სივრცეს იკავებს და ყოველთვის იწვევს ჩვეული ცხოვრების რიტმის გარკვეულ, გარდაუვალ შეფერხებას, კანონის ამგვარი უკიდურესად ფართო და თვითნებური განმარტება პრაქტიკულად კრძალავს ნებისმიერი სახის მშვიდობიან შეკრებას და სრულად აქრობს კონვენციით გარანტირებული უფლების არსს”.
დისკრიმინაციასთან დაკავშირებით ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ჯამბურიას პოლიტიკურ შეხედულებებზე. უფრო ზუსტად იმაზე, რომ ის მხარ უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და ამ პოზიციის დასაფიქსირებლად მონაწილეობს პროევროპულ აქციებში.
“2024 წლის დეკემბრიდან დღემდე, ხელისუფლებამ მიზანმიმართულად მიიღო კანონები, რომლებსაც შსს და სასამართლო ექსკლუზიურად პროევროპული აქციების მონაწილეების დასასჯელად იყენებს. ის ფაქტი, რომ უბრალოდ ტროტუარზე დგომისთვის მოქალაქეებს ფაქტობრივად ყოველდღიურად უფარდებენ ადმინისტრაციულ პატიმრობას, ნათლად ადასტურებს, რომ მომჩივნის საქმე რიგითი სამართალწარმოება კი არა, პროევროპული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი და სისტემური დისკრიმინაციის ნაწილია”, – აცხადებენ საია-ში.
რაც შეეხება უფლებათა ბოროტად გამოყენების შემთხვევებს, საია განმარტავს, რომ მმართველი პარტია თავის ძალაუფლებას სისტემურად იყენებს პოლიტიკური ოპონენტების, მათ შორის, კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მიმართ.
“ხელისუფლებამ პროევროპული აქციების ჩასახშობად მიზანმიმართულად მიიღო რეპრესიული კანონები, ტროტუარზე დგომა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრებას გაუთანაბრა და ამ ქმედებისთვის ერთადერთ სასჯელად პატიმრობა დააწესა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასამართლო თავისუფალი პროტესტის წინააღმდეგ მიმართულ სადამსჯელო ინსტრუმენტებად აქცია. ამასთანავე, აღნიშნული ქმედების ხელახლა ჩადენა (“ტროტუარზე დგომა”) გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას”, – განმარტავენ საია-ში.
ორგანიზაციის შეფასებით, იმავე მიზანს ემსახურება სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენება, რომელთა გამოყენებითაც ამუშავებს შსს აქციის მონაწილეთა პერსონალურ მონაცემებს.
საია-მ ჯამბურიას სახელით საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 27 მაისს გაგზავნა.
დიმიტრი ჯამბურია 20 წლის განმავლობაში იყო გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი. ჯამბურია ერთი წლის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს საჯარო მოხელეთა კანონში შეტანილი იმ ცვლილებების საფუძველზე, რომელიც “ქართული ოცნების” პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 2 დღეში მიიღო. აღნიშნულ ცვლილებებს უფლებადამცველები რეპრესიულად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეთა წინააღმდეგაა მიმართული.
დიმიტრი ჯამბურია საკუთარ სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა, რადგან სამსახურს ვერ გააცდენდა. ამჟამად ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს, თუმცა იქამდე, 20 წლის განმავლობაში, გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი იყო.
როცა გაიგო, რომ 4-დღიანი პატიმრობა ელოდა, დიმიტრი ჯამბურიამ შვებულების შესახებ განცხადება დაწერა – სამსახურიდან თავი გაითავისუფლა, რათა შსს-ს დაეპატიმრებინა. ამის შემდეგ სასამართლოში ჯერ ცოლის, ნათია ჭავჭანიძის მხარდასაჭერად მივიდა. სასამართლოს ეზოში პოლიციელების დანახვისას შეშფოთდა – ვაითუ, აქვე დამაკავონ და ცოლის სხდომას ვერ დავესწროო, თუმცა ცოლის პროცესზე დასწრებაც მოახერხა და მოგვიანებით, იზოლატორისკენ თავად წავიდა პირდაპირ სასამართლოდან.
„ახლა ვაპირებ ზაჰესის იზოლატორთან მისვლას, დარეკვას 112-ში, რომ მივედი და დამიჭირონ, 4 დღე ჩამსვან”, – თქვა მან სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ.
ამავე თემაზე:
