სომხეთის ЕАЭС-იდან დისტანცირების ფონზე და იმ ვითარებაში, როდესაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ დაესწრო ასტანაში გამართულ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ლიდერთა სხდომას, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (ЕАЭС) წევრი ქვეყნების ლიდერებმა [ბელარუსის, ყაზახეთის,  ყირგიზეთისა და რუსეთის პრეზიდენტები] სომხეთთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხეთში უახლოეს შესაძლო ვადებში უნდა ჩატარდეს საყოველთაო რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შემადგენლობაში დარჩენის შესახებ.

განცხადების ტექსტში, რომელიც ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს ეკუთვნით, აღნიშნულია, რომ მხედველობაში მიიღეს სომხეთის ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, მათ შორის 2025 წელს სომხეთის ეროვნული ასამბლეის მიერ შესაბამისი კანონის მიღება და პრეზიდენტის მიერ მისი ხელმოწერა, ასევე, ევროკავშირის მხრიდან სომხეთის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა.

ისინი ასევე მიუთითებენ, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული ქმედებები ქმნის ეკონომიკური უსაფრთხოების რისკებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნებისთვის.

განცხადებაში აღნიშნულია:

„ვიზიარებთ პოზიციას იმის თაობაზე, რომ უახლოეს შესაძლო ვადებში სომხეთის რესპუბლიკაში უნდა ჩატარდეს საყოველთაო რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შემადგენლობაში დარჩენის შესახებ.“

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს წევრები 2026 წლის დეკემბერში წარმოადგენენ ანგარიშს სომხეთთან დაკავშირებით ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შესახებ ხელშეკრულების შესაძლო შეჩერების შედეგების თაობაზე.