ნატოს წევრი ქვეყნის, რუმინეთის ქალაქ გალატში, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს, რუსული დრონი საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, რამაც შენობის მე-10 სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში აფეთქება და ხანძარი გამოიწვია.

შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. მოგვიანებით, კორპუსიდან დაახლოებით 70 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ამ ინციდენტმა, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ რუმინეთის ტერიტორიაზე მომხდარი ყველაზე სერიოზული შემთხვევაა, უმაღლესი დონის განგაში გამოიწვია, რის გამოც მოიწვიეს ქვეყნის ეროვნული თავდაცვის უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომა.

„ჩვენ მივიღებთ პროპორციულ ზომებს რუსეთის ფედერაციის მიმართ. მოვლენის უპრეცედენტო ხასიათი მოითხოვს მტკიცე, კოორდინირებულ და შესაბამის რეაგირებას ეროვნულ, მოკავშირეების და საერთაშორისო დონეზე“, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა.

რუმინეთის პრეზიდენტის, ნიკუშორ დანის განცხადებით, მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. მისი თქმით, რუმინეთის შეიარაღებულმა ძალებმა დადგენილი პროცედურების შესაბამისად იმოქმედეს და ჰქონდათ მკაცრი ბრძანება, ჩამოეგდოთ დრონი, როგორც კი პირობები ამის საშუალებას მისცემდა. თუმცა, საბოლოოდ, საფრენი აპარატის ჩამოგდებაზე უარი ითქვა „მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენების გაზრდილი რისკის“ გამო.

დანის განცხადებით, ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა ნატო-ს ყველა მოკავშირესა და ევროკავშირის წევრ ქვეყანას. მისმა მთავრობამ მოითხოვა ნატო-ს დამატებითი დრონის საწინააღმდეგო სისტემების განთავსება რუმინეთში და აპირებს, გაეროს უშიშროების საბჭოს მიაწოდოს ინფორმაცია რუსეთის მიერ „საერთაშორისო სამართლის განმეორებითი დარღვევის“ შესახებ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, რუმინეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო ქცევა ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„მე დავადასტურე, რომ ნატო მზად არის დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი გოჯი. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მზადყოფნის გაძლიერებას ნებისმიერი საფრთხისგან თავდასაცავად და მის შესაკავებლად, მათ შორის, დრონებისგანაც“, — განაცხადა რუტემ.

რუტეს თქმით, რუსეთის უპასუხისმგებლო ქცევა ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„ისინი კვლავ აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებას მთელი უკრაინის მასშტაბით. გასულმა ღამემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მათი უკანონო, აგრესიული ომის შედეგები საზღვრებთან არ ჩერდება.

რუსეთის ომი უნდა დასრულდეს, ისევე როგორც რუსეთის მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უგულებელყოფა. ჩვენი მხრივ, ჩვენ გავაგრძელებთ თავდაცვისა და შეკავების მექანიზმების გაძლიერებას შინ და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა მარკ რუტემ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარასკევს დილით X-ზე დაწერა, რომ „რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადაკვეთა“.

„რუსული დრონის შემოჭრამ დააზიანა მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია რუმინეთში, რის შედეგადაც დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. ეს მოხდა ევროკავშირის ტერიტორიაზე.

ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთსა და მის ხალხს. სანამ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი უსაფრთხოებისა და შეკავების პოლიტიკის გაძლიერებას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საზღვარზე, პარალელურად კვლავაც გავზრდით ზეწოლას რუსეთზე“, – დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ფონ დერ ლაიენმა დასძინა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტს ამზადებს.