ირაკლი კობახიძის განცხადებით, გორში პოლიციელების მიერ მოქალაქეზე ჯგუფურად ძალადობას სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს.
„მე ვნახე ეს კადრები. აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია. რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გორში პოლიციელების მიერ ნაცემი მოქალაქის მეგობარი, ლაშა აბისონაშვილი ამბობს, რომ ნაცემი 28 წლის კაცი საქართველოს ბანკის თანამშრომელია, რომელიც შესვენებაზე იყო გამოსული და ფეხით მიმავალს პოლიციამ მანქანით ავარიული სიტუაცია შეუქმნა, კინაღამ დააჯახა, რასაც შელაპარაკება და კონფლიქტი მოჰყვა, რაც მასზე ფიზიკური ძალადობით დასრულდა.
ნაცემია თავად ლაშა აბისონაშვილიც, რომელიც მეგობრის დასახმარებლად მივიდა. პოლიციელები მასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გორში მომხდარზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ – ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ისჯება ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით.
