“ჩვენ აქ მოვედით, როგორც საზოგადოების რიგითი წევრები” – “ჯერ საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ლიდერმა ვიქტორ ყიფიანმა განმარტა, რატომ მონაწილეობდა ორგანიზაციის გუნდი 26 მაისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაში, რომლის ორგანიზატორიც “ოპოზიციის ალიანსი” იყო.

“ჯერ საქართველო” არის სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელიც მოსალოდნელია, რომ ჩამოყალიბდება პოლიტიკურ გაერთიანებად. დღევანდელ აქციას გაემიჯნა ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელიც “ოპოზიციის ალიანსის” წევრი არ არის, მათ შორის “ლელო”, გირჩი” და “გახარია საქართველოსთვის”. თუმცა აქციას შეუერთდა “ჯერ საქართველოს” გუნდი და მათ შესაბამისი ფოტოც გამოაქვეყნეს ორგანიზაციის FB/გვერდზე.

“როგორც მოგეხსენებათ და, თუ მეხსიერება არ მღალატობს, 26 მაისი საერთო-სახალხო, ეროვნული დღესასწაულია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს არცერთ პარტიასთან, ალიანსთან, ხელისუფლებასთან თუ ოპოზიციასთან”, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერში, დიანა ტრაპაიძესთან ინტერვიუში.

ჟურნალისტის რეპლიკას, რომ მოვლენის ასე განზოგადება არ გამოვა, რადგან საღამოს აქცია უშუალოდ “ალიანსის” მიერ იყო ორგანიზებული, ხოლო 26 მაისის აღნიშვნა სხვანაირადაც შეიძლებოდა, მაგალითად, სხვა ღონისძიების ფარგლებში სეირნობით, ყიფიანმა უპასუხა.

“მარტო სეირნობას, რა თქმა უნდა, ვამჯობინე, ამ ძალიან წარმომადგენლობით საზოგადოებასთან ერთად ვყოფილიყავი. ჩემი გადმოსახედიდან ეს ბევრად უფრო საინტერესო იყო. ჩვენ სხვაგვარადაც შეგვიძლია ვთქვათ: დღეს ქართულმა საზოგადოებამ ორ ნაწილად აღნიშნა ეს დღესასწაული.

სიმართლე რომ გითხრათ, პატივს ვცემ ნებისმიერი მოქალაქის ინდივიდუალურ არჩევანს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დღევანდელი დღე დილის საათებში თავისუფლების მოედანზე აღენიშნა — მაშინ, როდესაც ჩვენი წვევამდელები ფიცს დებდნენ. ეს აბსოლუტურად დასაფასებელი არჩევანია და არავითარ შემთხვევაში არ მინდა, რაიმე ჩრდილი მივაყენო მას. თუმცა საღამოს, როდესაც ეს ხალხმრავალი აქცია ჩატარდა, მეც და ჩემმა თანაგუნდელებმაც ჩავთვალეთ, რომ ჩვენი ინდივიდუალური არჩევანი თანხვედრაში იყო ქვეყნის არჩევანთან. ეს ის არჩევანია, რომელსაც მოაქვს სიკეთე და ის იმ მოქალაქეებსაც ეხება, რომლებიც 26 მაისს დღის პირველ ნახევარში აღნიშნავდნენ.

ამიტომ, პირადად ჩემი გადაწყვეტილება იყო, 26 მაისის აღნიშვნაში მონაწილეობა მიმეღო საზოგადოების იმ ნაწილთან ერთად, რომელიც ქვეყნის განვითარებას, გაჯანსაღებასა და ნორმალურ რელსებზე გადაყვანას ემსახურება. ვისურვებდი, დიანა, რომ მომავალი 26 მაისი უკვე არა ორაქტიანი, არამედ ერთაქტიანი წარმოდგენა იყოს, სადაც ერი სრულად, ყოველგვარი დაყოფისა და დანაწილების გარეშე, ერთიანად აღნიშნავს ამ ყველასთვის ძვირფას დღესასწაულს”, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

მისივე თქმით, ასეთი დღესასწაულების ირგვლივ გაერთიანება სასურველი ამოცანა და აუცილებლად მისაღწევი მიზანია.

“ამ დღის პრივატიზება, ან რომელიმე პარტიასთან მიკუთვნება ყოვლად დაუშვებელია. ვიმეორებ, ეს არის საერთო-სახალხო, ეროვნული დღესასწაული, რომლის უკან დგანან თაობები თავიანთი დაღვრილი სისხლით, ოფლითა და გაწეული შრომით, მათ შორის — ბრძოლის ველზეც. ამიტომ, რომელიმე პოლიტიკური ძალის მხრიდან მისი პრივატიზება ვერ მოხდება და არც უნდა მოხდეს. ეს პოლიტიკურად არასერიოზული, ძალიან ინფანტილური და უპასუხისმგებლო საქციელი იქნებოდა.

რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას, ალბათ, ის ძალიან უჩვეულოდ და ორიგინალურად წარმოგვიდგენია. მოგეხსენებათ, ჩვენ არ ვართ „ალიანსის“ წევრები… დიახ, ღონისძიება მათი ორგანიზებული იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ აქ მოვედით, როგორც საზოგადოების რიგითი წევრები. ბუნებრივია, ნებისმიერი აქცია საჭიროებს ორგანიზებას და ყოველი ასეთი ხალხმრავალი შეკრების სათავეში გარკვეული საინიციატივო ჯგუფი დგას. მაგრამ, ვიმეორებ, ერთი მხრივ, არსებობს ორგანიზაციული და ლოჯისტიკური მხარე, რომელთანაც ჩვენ შეხება არ გვქონია — ამას არც დადებით და არც უარყოფით კონტექსტში არ ვამბობ, უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას ვახდენ. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი მთავარი მამოძრავებელი მოტივი იყო, საკუთარი წვლილი შეგვეტანა საერთო-სახალხო დღესასწაულში, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ჰქვია”, – თქვა ვიქტორ ყიფიანმა.