რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რითაც მოახდინა „სამხრეთ ოსეთთან სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ ხელშეკრულების რატიფიცირება.

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი სამართლებრივი აქტების ოფიციალური გამოქვეყნების ვებგვერდზეა განთავსებული.

„ხელშეკრულება მიმართულია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, რაც მიზნად ისახავს:

  • რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას;
  • შეთანხმებული საგარეო პოლიტიკის, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარებას;
  • სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურისა და ადამიანური პოტენციალის განვითარებას;
  • სამართლებრივი ნორმების ჰარმონიზაციასა და მხარეებს შორის კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და მუშახელის თავისუფალი გადაადგილებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.

ხელშეკრულებით დგინდება, რომ მხარეები გადადგამენ შემდგომ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია:

  • ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნისკენ;
  • მოქალაქეთა კეთილდღეობისა და ცხოვრების დონის ამაღლებისკენ;
  • საგარეო სესხებისა და უცხოური ინვესტიციების განხორციელების ერთიან წესზე ეტაპობრივი გადასვლის უზრუნველყოფისკენ.

როგორც თანმხლებ მასალებში იყო აღნიშნული, მხარეები მხარს უჭერენ თანამშრომლობის განვითარებას ენერგეტიკული (მათ შორის, გაზტრანსპორტის) და სატრანსპორტო სისტემების, კავშირგაბმულობისა და ტელეკომუნიკაციების სისტემების ეტაპობრივი გაერთიანების მიმართულებით, ასევე ხელს უწყობენ ურთიერთქმედების შემდგომ გაფართოებას შრომის, სოციალურ და კულტურულ სფეროებში“, – წერს რუსული სამთავრობო მედია.


მანამდე, 9 მაისს ვლადიმირ პუტინმა და  სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა მოსკოვში ხელი მოაწერეს „რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმებას.

კრემლის ცნობით, ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ “ოსებს საბჭოთა კავშირის გმირების რაოდენობით მოსახლეობის პროპორციულად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთიდან ფრონტზე წასულთა თითქმის ნახევარი ომიდან აღარ დაბრუნებულა”.

ალან გაგლოევმა კი განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთს „დიდ სამშობლოდ“ აღიქვამს და მიმდინარე შეთანხმება „ოსი ხალხის გაერთიანების პროცესის დასაწყისი“ იქნება.