„ტრამპ-ტაუერი საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული ლიდერის შვილის თანამფლობელობაში არსებულ მიწაზე აშენდება“, — ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას ბრიტანული გამოცემა The Guardian.

გამოცემა ტრამპის ორგანიზაციასა და ივანიშვილის ოჯახს შორის კავშირებს განიხილავს, რაც კითხვებს აჩენს, რამდენად თავისუფალია ეს პარტნიორობა ინტერესთა კონფლიქტისგან.

„ცათამბჯენი, რომელიც ადგილობრივი კონსორციუმისა და ტრამპის ორგანიზაციის ერთობლივი პროექტია, აშენდება ნაკვეთზე, რომლის ამჟამინდელი რეგისტრირებული მფლობელი არის ფონდი „ქართუ“.

„ფონდი ქართუ“ სრულად ეკუთვნის სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფს“, რომლის 35%-ს უტა ივანიშვილი ფლობს, ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟს. ბიძინა ივანიშვილი მილიარდერი პოლიტიკოსია და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე“, — წერს გარდიანი და მიუთითებს, რომ ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლების დე ფაქტო ლიდერია და სანქცირებულია აშშ-ში ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ „საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ“.

უტა ივანიშვილი თავად სანქცირებული არ არის. 2024 წლამდე იგი სრულად ფლობდა „ქართუ ჯგუფს“, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი მამა, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, აშშ-ის ეკონომიკური შეზღუდვების ქვეშ მოექცა, თავისი წილი 35%-მდე შეამცირა.

დღეს „ქართუ ჯგუფის“ დარჩენილი 65%-ის მფლობელების დადგენა შეუძლებელია, რადგან 5%-ზე ნაკლები წილების მფლობელებს ანონიმურობის შენარჩუნება შეუძლიათ.

„აშშ-ის მოქალაქეებს ეკრძალებათ ბიძინა ივანიშვილთან უშუალო ბიზნესსაქმიანობა, ტრანზაქციები, მომსახურების გაწევა სპეციალური ნებართვის გარეშე, თუმცა არსებობს გამონაკლისი იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც ის აკონტროლებს.

ტრამპის ორგანიზაციასა და ივანიშვილების ოჯახს შორის კავშირები კვლავ გააჩენს კითხვებს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის სახელი გამოიყენება იმ დეველოპერების მიერ, რომლებიც საცხოვრებელი და საკურორტო კომპლექსების გაყიდვას შეეცდებიან“, — წერს გარდიანი და დასძენს: საქართველოში ბიძინა ივანიშვილის კრიტიკოსები „ტრამპ ტაუერის“ პროექტს აფასებენ, როგორც აშშ-ის პრეზიდენტისთვის თავის მოწონების მცდელობას. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა კი პროექტი ხმამაღლა გამოაცხადეს, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მმართველობისადმი ნდობის გამოხატულება.

“ოთხი ქართული ფირმა – Archi Group, Biograpi Living, Blox Group და Finvest Georgia, აშშ-ში დაფუძნებულ Sapir Organization-თან (ტრამპის დიდი ხნის პარტნიორი) ერთად, თანამშრომლობს Trump Organization-თან, რათა აშენდეს საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა. არცერთ ამ კომპანიაზე ან მათ დირექტორებზე სანქციები არ ვრცელდება.

Archi Group-ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ილია წულაია, წარსულში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი იყო, ხოლო Biograpi Living არის Wissol Group-ის ნაწილი, რომელსაც ძმები სოსო და ლევან ფხაკაძეები ფლობენ. ამ უკანასკნელთა დუმილი საქართველოს ბოლოდროინდელ პოლიტიკურ რყევებთან დაკავშირებით ადგილობრივ მედიაში განსჯის საგანი გახდა. კომენტარის გაკეთების თხოვნას არცერთმა კომპანიამ არ უპასუხა.

თბილისის ცენტრში მდებარე ნაკვეთი, რომელზეც „ტრამპ ტაუერი“ აშენდება, ძველი საბჭოთა საცხენოსნო ტრეკია, რომელიც იპოდრომის სახელითაა ცნობილი. ის ახლა „ქართუს“ საკუთრებაშია, მაგრამ 2023 წელს მიღწეულ იქნა შეთანხმება მის გაყიდვაზე კომპანიისთვის, სახელად Central Park Avenue LLC.

ამ დროისთვის Central Park Avenue LLC-ს მხოლოდ ამ მიწის მცირე, პერიფერიული ნაწილის საკუთრება გადაეცა. ნაკვეთის ძირითადი ნაწილის გაყიდვის დასრულება მოხდება „ქართუსთვის“ შესყიდვის ფასის სრულად გადახდის შემდეგ”, – წერს გამოცემა.

სტატიის თანახმად, ივანიშვილის ადვოკატმა, თემო ციქვაძემ განაცხადა: „ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, ჯამში,  511,880 კვადრატულ მეტრ მიწას ფლობდა. ბიძინა ივანიშვილმა ამ მიწის დიდი ნაწილი – 431,735 კვადრატული მეტრი – სახელმწიფოს აჩუქა და ამჟამად საკუთარი სახსრებით აშენებს საზოგადოებრივ სივრცეს, ცენტრალურ პარკს. დარჩენილ მიწის ნაკვეთზე – 80,000 კვადრატულ მეტრზე – წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება 2023 წლის 16 ოქტომბერს გაფორმდა. „ამ ხელშეკრულების თანახმად, მომავალი მფლობელია Central Park Avenue LLC (თუმცა ტერიტორიის ნაწილი – 9,645 კვ.მ. – უკვე სრულად არის გადაცემული).  მომავალი მფლობელისთვის დარჩენილი მიწის გადაცემა მოხდება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, თანხის გადახდისთანავე.”