აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 26 მაისს სომხეთს ეწვევა, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
უწყების ცნობით, გაიმართება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის და მარკო რუბიოს შეხვედრა, რის შემდეგაც ისინი პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური ინფორმაციითვე, ასევე დაგეგმილია ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერა.
8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. გარდა ამისა, შეთანხმების შესაბამისად, აშშ მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას 99 წლით სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.
დეკლარაციის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით სომხეთის რესპუბლიკა იმუშავებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ურთიერთშეთანხმებულ მესამე მხარეებთან ერთად იმისათვის, რომ განისაზღვროს საკომუნიკაციო პროგრამის ჩარჩო სომხეთის ტერიტორიაზე განხორციელებული პროექტისა „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (ან TRIPP).
