ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას პოლიტიკური მრჩეველი, ელენე მეტრეველი აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იმედის“ საკითხს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პირადად განიხილავს.

ამის შესახებ მან ნეტგაზეთს განუცხადა.

საუბარია 18 ევროპარლამენტარის მიმართვაზე, რომლებიც 5 სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენენ. ისინი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას მოუწოდებენ, რომ ევროკავშირის წინააღმდეგ ტელეკომპანია „იმედის“ პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული კამპანია შეისწავლონ და შეაფასონ, არის თუ არა გამართლებული შემდგომი ზომების მიღება.

ევროპარლამენტარები ითხოვენ, რომ გამოძიება უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) ფარგლებში ჩატარდეს.

ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზასთან ერთად, სწორედ ელენე მეტრეველმა მოამზადა აღნიშნული წერილი.

ელენე მეტრეველის თქმით, ის ფაქტი, რომ წერილს ევროპარლამენტარები 5 სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან უერთდებიან, მას მეტ წონას სძენს.

“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ როგორც კი გავაგზავნეთ, მაშინვე მივიღეთ პრეზიდენდ ანტონიო კოშტას ოფისისგან პასუხი, რაც იმას ნიშნავს, რომ საკითხი მნიშვნელოვანი და ძალიან აქტუალურია და უფრო სწრაფად ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს.

გვითხრეს, რომ მიიღეს წერილი და ძალიან დიდი ყურადღებით განიხილავენ მას, პირადად პრეზიდენტი განიხილავს ამ წერილს იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ევროპარლამენტიდან, რადგან 5 პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები აწერენ ხელს. შესაბამისად, წერილს პოლიტიკური ძალა და წონა მეტი აქვს, ვიდრე ერთი ევროპარლამენტარის გაგზავნილ წერილს. შემდგომში უკვე ველოდებით ეფექტურ ნაბიჯებს, რადგან წარსულში ჯერ ევროკავშირის ამ ფორმატით — უცხოური ინფორმაციის მანიპულაციის და ჩარევის მექანიზმით (FIMI) — მოხდა მედიების შეფასება და როცა იარსებებს მსგავსი შეფასება, უფრო მარტივი იქნება ევროკავშირის მხრიდან ნაბიჯების გადადგმა. იცით, რომ „იმედს“ 1 წლით ევროპარლამენტში საქმიანობა უკვე შეეზღუდა. თუმცა წერილზე ხელმომწერი ევროპარლამენტარები და არამხოლოდ ისინი, მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის დონეზე გადაიდგას ნაბიჯები”, – აცხადებს ელენე მეტრეველი.


პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედს“ ევროპარლამენტში საქმიანობა 1 წლით აეკრძალა. ევროპარლამენტისგან გაფრთხილება მიიღო კიდევ ორმა პროსახელისუფლებო ტელევიზიამ — „რუსთავი 2-მა“ და „პოსტივიმ“, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპარლამენტში არსებული მედიის ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში, აკრძალვა მათაც შეიძლება შეეხოთ.

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზაა იმ ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი, რომელიც „იმედის“, „რუსთავი 2-ისა“ და „პოსტივისთვის“ ევროკავშირის ინსტიტუტებში აკრედიტაციის შესაძლო გაუქმებასა და მათ სანქცირებას ითვალისწინებს.