მოსკოვი-ერევანის პოლიტიკური ურთიერთობების გაუარესების ფონზე, რუსეთის ფედერაციის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა (Россельхознадзор) დღეიდან, 2026 წლის 22 მაისიდან სომხეთიდან ყვავილების იმპორტზე დროებითი შეზღუდვები დააწესა. უწყების განცხადებით, აკრძალვა იმოქმედებს მანამდე, სანამ სომხურ სათბურებში ინსპექტირება არ დასრულდება და შედეგები არ შეფასდება.

რუსული მხარის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი ფიტოსანიტარული რისკებია.

Россельхознадзор-ის განცხადებით, შეზღუდვების მიზანია ქვეყნის ფიტოსანიტარული უსაფრთხოებისა და საექსპორტო პოტენციალის დაცვა, ასევე „ნამდვილად სომხური და უსაფრთხო პროდუქციის“ მიწოდების უზრუნველყოფა.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანი განაცხადა, რომ ერევანს ოფიციალური შეტყობინება შეზღუდვების შესახებ ჯერ არ მიუღია. მისი თქმით, Россельхознадзор-ის ექსპერტები უკვე მუშაობენ კონკრეტულ კომპანიებში და დადებითი დასკვნის შემთხვევაში ექსპორტი მათთვის აღდგება. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვების ვადებზე ინფორმაცია არ აქვთ.

ამავე დროს, პაპოიანმა არ გამორიცხა, რომ სომხეთში გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობდნენ რუსეთში სომხური პროდუქციის ექსპორტისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნას.

რუსეთმა 2025 წლის ივნისშიც გაამკაცრა სომხეთიდან ყვავილების შეტანის წესები, ხოლო აგვისტოში ასობით სატვირთო მანქანა, რომელსაც ყურძენი, ატამი და ქლიავი გადაჰქონდა, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არ შეუშვა და უკან, სომხეთში დააბრუნა. ექსპერტები ამ შემთხვევებს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებდნენ.