“მონიტორის” ინფორმაციით, პარლამენტის აკრედიტაცია ვადაზე ადრე გააუქმეს.
ჟურნალისტებისთვის პარლამენტში მუშაობის უფლების შეჩერების საფუძველი გახდა ის, რომ მათ ზედიზედ 10 კვირის განმავლობაში არ უსარგებლიათ აკრედიტაციით.
“საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის, კახა ოქროჯანაშვილის 21 მაისის ბრძანების საფუძველზე, „მონიტორს“ აკრედიტაცია ვადაზე ადრე გაუუქმდა. ბრძანების მიხედვით, გაუქმების მიზეზად მორიგი სესიის პერიოდში (05.02.2026-17.04.2026) ზედიზედ 10 კვირის განმავლობაში „სტუდია მონიტორის“ აკრედიტებული ჟურნალისტების არყოფნა დასახელდა”, – აცხადებენ “მონიტორში”.
გარდა ამისა, “მონიტორის” იმ ჟურნალისტებს, ვისაც აკრედიტაცია არ ჰქონდა, არ მისცეს არც ერთჯერადი საშვები.
“პარლამენტის აკრედიტაციის რაოდენობრივი შეზღუდვის გამო “მონიტორს” აკრედიტებული მხოლოდ ოთხი ჟურნალისტი ჰყავდა, ვინაიდან რაოდენობრივ შეზღუდვას ითვალისწინებს „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი“. რაც შეეხება „მონიტორის“ არააკრედიტებულ ჟურნალისტს, საქართველოს პარლამენტში ერთჯერადი საშვის მისი მოთხოვნა პარლამენტმა არ დააკმაყოფილა. “მონიტორის” ჟურნალისტმა მარიკა დუდუნიამ 17 და 19 თებერვალს ორჯერ მიმართა საქართველოს პარლამენტს ერთჯერადი სპეციალური საშვის მოთხოვნით, თუმცა პარლამენტმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა”, – წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში,
“მონიტორი” აპირებს, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივროს.
