ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის განცხადებით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა გრძელდება.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტმა გამოხატა სერიოზული შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული ნგრევისა და ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის გამო და გააფრთხილა საზოგადოება, რომ „დემოკრატიული უკუსვლა შეუჩერებლად გრძელდება, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის დევნა.
საქართველოს მონიტორინგის საკითხებში თანამომხსენებლების — ედიტ ესტრელას (პორტუგალია, SOC) და საბინა ჩუდიჩის (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE) ანგარიშზე დაფუძნებულ რეზოლუციის პროექტში გამოთქმულია წუხილი იმის გამო, რომ ასამბლეის რეკომენდაციებიდან, რომელიც ქვეყანას სასწრაფოდ უნდა შეესრულებინა, არცერთი არ ყოფილა გათვალისწინებული.
რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ დემოკრატიის უწყვეტი ნგრევა სერიოზულ ეჭვს ბადებს ხელისუფლების მზადყოფნაზე, შეასრულოს საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს წევრობის ვალდებულებები და ორგანიზაციაში გაწევრიანებისას აღებული პასუხისმგებლობები.
„კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს წევრობა არის პრივილეგია, რომელსაც თან ახლავს უფლებები და მოვალეობები და რომ ორგანიზაციის პრინციპები და სტანდარტები არ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ან გახდეს მოლაპარაკების საგანი. კომიტეტმა „მიუღებლად“ შეაფასა ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვას და მათი ლიდერების სისხლის სამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებული და შეთითხნილი ბრალდებებით, და გააფრთხილა [ხელისუფლება], რომ ამ კურსის გაგრძელება საქართველოში, ფაქტობრივად, ერთპარტიულ დიქტატურას დაამყარებს.
პარლამენტარებმა ასევე გააფრთხილეს [მხარეები], რომ საქართველოში ამჟამად არ არსებობს პირობები ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად დემოკრატიული ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დაუნდობელი დევნის, ისევე როგორც ქვეყანაში არსებული უკიდურესი სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაციის გამო“, – ნათქვამია მონიტორინგის კომიტეტის განცხადებაში.
რეზოლუციის პროექტი მოითხოვს რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას, მათ შორის ცვლილებებისა სისხლის სამართლის კოდექსში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ის ასევე გმობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მათ ხელმძღვანელობაზე, ისევე როგორც დამოუკიდებელ მედიაზე მიმდინარე თავდასხმებს.
კომიტეტმა დამატებით გამოხატა მწუხარება იმის გამო, რომ არ ჩატარებულა სარწმუნო გამოძიება დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან გამოვლენილ სისასტიკესა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებზე და განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა იმ ცნობების გამო, რომ თბილისში საპროტესტო აქციის დასაშლელად აკრძალული ქიმიური ნივთიერებები იქნა გამოყენებული.
საბოლოოდ, ასამბლეამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, სრულად აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც, მისი განცხადებით, ემთხვევა ამ და წინა რეზოლუციებს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ.
