რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა, რომ სომხეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთთან თანამშრომლობაზე და გააკრიტიკა ერევნის საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების ნაწილი.

შოიგუს თქმით, რუსეთი სომხეთს ბუნებრივ აირს, ფქვილს, მარცვლეულს, სასუქსა და ბენზინს საბაზრო ფასზე სამჯერ იაფად აწვდის. მისი განცხადებით, სომხეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის 98%-მდე და ძლიერი ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის 78% სწორედ რუსეთის ბაზარზე მოდის.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ცალკე ისაუბრა შრომით მიგრაციაზეც. მისი თქმით, სომხეთის მოქალაქეები რუსეთში კვოტების, პატენტებისა და სამუშაო ნებართვების გარეშე მუშაობენ და 2025 წელს სამშობლოში თითქმის 3,9 მილიარდი დოლარი გადარიცხეს. შოიგუს განცხადებით, ეს თანხა სომხეთის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

მან ასევე აღნიშნა რუსი ტურისტების როლი და განაცხადა, რომ 2025 წელს სომხეთში ჩასული ტურისტების დაახლოებით 40% რუსეთიდან იყო, რაც ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დაეხმარა.

ამასთან, შოიგუმ გააკრიტიკა ერევნის საგარეო პოლიტიკური კურსი. მისი თქმით, 2025-2026 წლებში სომხეთის სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ ქვეყნები, რომლებსაც მოსკოვი არამეგობრულ სახელმწიფოებად მიიჩნევს.

მან განსაკუთრებით გამოყო ვლადიმერ ზელენსკისთვის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის პლატფორმის დათმობა და ამას „ნაციზმთან მებრძოლი სომხების ხსოვნის შეურაცხყოფა“ უწოდა.

შოიგუს განცხადებით, რუს და სომეხ ხალხებს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები და საერთო ისტორია აკავშირებთ, ხოლო რუსეთმა, მისი თქმით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1990-იან წლებში სომხეთის სუვერენიტეტის შენარჩუნებაში.

ევროკავშირთან სომხეთის თანამშრომლობაზე საუბრისას შოიგუმ კითხვა დასვა, თუ რა პირობებით აპირებს სომხეთი ევროკავშირში გარგარის, კალმახისა და მინერალური წყლის ექსპორტს.

საუბრის ბოლოს მან განაცხადა, რომ რუსეთთან თანამშრომლობა კვლავ „სომხეთის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა“, და რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები „ორმხრივი მოძრაობის ქუჩაა“.