სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა რუსული დამოუკიდებელი გამოცემა The Insider-ის გამოძიებას, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური ბლოკის „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი სამველ კარაპეტიანი შესაძლოა რუსეთის ФСБ-სთან იყოს დაკავშირებული.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ფაშინიანმა ამ თემაზე ლორის ოლქში წინასაარჩევნო კამპანიის დროს ისაუბრა.
ფაშინიანის თქმით, საერთაშორისო და სომხური მედია „დასაბუთებულად“ წერს, რომ „სომხეთის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში გამოჩენილი კალუგელი ოლიგარქი“ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია.
„ანუ ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა და სომხეთის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობს, ფაქტობრივად ФСБ-ის საიდუმლო თანამშრომელია“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, ეს ინფორმაცია ადასტურებს მის ადრინდელ შეფასებებს.
„ჯერ იქამდეც ვთქვი, რომ ადამიანის ქმედებებს, რომელსაც სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დღის წესრიგში შეაქვს საკითხი, რომელიც მოლაპარაკებებში არასოდეს განხილულა, სხვანაირად ვერ დავარქმევ, თუ არა ჯაშუშის მოქმედებას“, – აღნიშნა მან.
ფაშინიანის თქმით, საუბარია განცხადებებზე, თითქოს აზერბაიჯანელების დიდი რაოდენობა სომხეთში გადასახლებას გეგმავს.
„ჯერ სამას ათასზე დაიწყეს საუბარი, ახლა უკვე ერთ მილიონ აზერბაიჯანელამდე მივიდნენ, რომლებიც თითქოს სომხეთში ჩამოვლენ. მსგავსი საკითხი სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებებში არასოდეს არსებობდა. რატომ ხარჯავენ ეს ადამიანები მილიონებს, რათა ეს თემა სომხეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოიტანონ?“ – თქვა პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა.
ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ სომეხ ხალხს შეუძლია მსგავსი „აგენტურული საქმიანობა“ შეაჩეროს.
„ჩვენ, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ძალები უნდა გავაერთიანოთ, რათა ომის სამთავიანმა აგენტურულმა პარტიამ პარლამენტში მოხვედრის ბარიერი ვერ გადალახოს“, – განაცხადა მან.
პრემიერის თქმით, უცხოელი პარტნიორების მიმართ პატივისცემის მიუხედავად, „აგენტების გამოგზავნა პოლიტიკური საქმიანობისა და აგენტურული ქსელების შესაქმნელად პარტნიორული ქცევა არ არის“.
„თუ კალუგელი ოლიგარქი უცხოური სპეცსამსახურების აგენტია, ეს ნიშნავს, რომ მის მიერ შექმნილი პარტიაც აგენტურული ქსელია“, – თქვა ფაშინიანმა.
მისი განცხადებით, პარტიის თითოეულმა მხარდამჭერმა „უნდა გააკეთოს არჩევანი – აგენტია თუ მოქალაქე“.
თავის მხრივ, „ძლიერი სომხეთის“ ლიდერმა სამველ კარაპეტიანმა ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ უპასუხებდა მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს, მოკლედ განაცხადა:
„ყურადღებას ნუ მიაქცევთ.“
The Insider-ის გამოძიებაში საუბარია რუსეთის შესაძლო გავლენაზე სომხეთის საპარლამენტო არჩევნების წინ. გამოცემა, გაჟონილ მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ კარაპეტიანის 1999 წელს კალუგაში მიღებული პასპორტის დოკუმენტებში „სამუშაო ადგილის“ გრაფაში მითითებული იყო „ФСБ-ის საინფორმაციო ცენტრი“.
The Insider: ФСБ, ГРУ და СВР-ის აგენტები სომხეთში ფაშინიანის წინააღმდეგ მუშაობენ
