სერბეთი მადლობელია, რომ საქართველომ სამი წლის წინ ხმა მისცა კოსოვოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების წინააღმდეგ და მუდმივად მხარს უჭერს სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას.
ამის შესახებ სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარკო ჯურიჩი წერს. ის კიშინიოვში გამართული ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის ფარგლებში შეხვდა მაკა ბოჭორიშვილს.
„ჩემი ქვეყნისთვის დღევანდელი სასიხარულო სიახლის ფონზე (იგულისხმება, რომ კოსოვო არ გახდა ევროპის საბჭოს წევრი — ავტ.), ჩვენ გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავთ საქართველოს მიმართ სამი წლის წინ ე.წ. კოსოვოს წევრად მიღების პროცედურის დაწყების წინააღმდეგ ხმის მიცემისთვის, ისევე როგორც სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მუდმივი მხარდაჭერისთვის. აღნიშნული კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას“, — დაწერა ჯურიჩმა X-ზე.
მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება, რაც აისახა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებაში;
„თბილისში სერბეთის საელჩოს გახსნის მიმდინარე პროცესი კიდევ უფრო უსვამს ხაზს ჩვენს მტკიცე მზაობას საქართველოსთან ყოველმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისადმი. ჩვენ ვაფასებთ ჩვენი ქართველი პარტნიორების სწრაფ და კონსტრუქციულ მიდგომას ამ ინიციატივასთან დაკავშირებით“, — აცხადებს სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების დინამიკაზე. ასევე, ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას; მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ევროინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები. და მინისტრებმა „კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა“.
კოსოვომ 2022 წლის მაისში შეიტანა ევროპის საბჭოში გაწევრიანების განაცხადი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 2024 წელს რეკომენდაცია მისცა კოსოვოს გაწევრიანებას, თუმცა გადაწყვეტილება მინისტრთა კომიტეტის მიერ დამტკიცებას საჭიროებს.
ბელგრადის თანახმად, ეს საკითხი რამდენიმე მინისტრმა კიშინიოვში გამართულ შეხვედრაზეც წამოჭრა. მარკო ჯურიჩის თქმით, დღეს „ასეთი რამისთვის უმრავლესობა არ არის“, თუმცა „საფრთხე არ აღმოფხვრილა“.
სერბეთი VS კოსოვო
კოსოვო იყო სერბეთის პროვინცია 1998-1999 წლების ომამდე, რომლის დროსაც სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმმა 13 000-ზე მეტი ადამიანი დახოცა და 1.4 მილიონზე მეტი ეთნიკური ალბანელი გადაასახლა.
2008 წლის 17 თებერვალს, კოსოვოს მიერ სერბეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ალბანეთი, გაერთიანებული სამეფო, თურქეთი და საფრანგეთი იყვნენ პირველი ქვეყნები, რომლებმაც აღიარეს კოსოვოს დამოუკიდებლობა. გაეროს წევრი 100-ზე მეტი სახელმწიფო, ასევე ნატო და ევროკავშირი შეთანხმდნენ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ნატოს კოსოვოში დისლოცირებული ჰყავს სამშვიდობო ჯარები.
სერბეთის გარდა, კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებაზე უარს ამბობს რუსეთი, საბერძნეთი, ესპანეთი, ჩინეთი და სხვა.
საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს.
