როგორც “ნოვაია გაზეტა” წერს, უფლებადამცველმა და დისიდენტმა ნინა ლიტვინოვამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა უკრაინაში ომისა და რუსეთში პოლიტპატიმრების დახმარების შეუძლებლობის გამო. როგორც გამოცემა წერს, ამის შესახებ მის მიერ დატოვებული გამოსამშვიდობებელი წერილი მოწმობს, რომლის ფრაგმენტიც უფლებადამცველის ბიძაშვილმა, ჟურნალისტმა მარია სლონიმმა გამოაქვეყნა.

„მე უნდა წავიდე, ცხოვრება აუტანელი გახდა. მას შემდეგ, რაც პუტინი უკრაინას დაესხა თავს და უდანაშაულო ადამიანებს კლავს, ხოლო ჩვენთან უსასრულოდ აპატიმრებენ ათასობით ადამიანს, რომლებიც იტანჯებიან და იქ იღუპებიან მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც მე, ომისა და მკვლელობების წინააღმდეგ არიან.

ვცდილობდი მათ დახმარებას, მაგრამ ძალები გამომელია და დღე და ღამე უმწეობისგან ვიტანჯები. მრცხვენია, მაგრამ დავნებდი. გთხოვთ, მაპატიოთ“, – დაწერა ლიტვინოვამ.

სლონიმმა აღნიშნა, რომ მისი ბიძაშვილის თვითმკვლელობის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტოებმა РИА Новости-მ და „Газета.ру“-მაც გაავრცელეს ინფორმაცია. მათაც ახსენეს, რომ უფლებადამცველმა გამოსამშვიდობებელი წერილი დატოვა, თუმცა მისი შინაარსი არ გამოუქვეყნებიათ.

„წერილს, რა თქმა უნდა, არავინ გამოაქვეყნებდა. იქ ზედმეტად აშკარადაა ნაჩვენები მისი წასვლის მიზეზები, ამიტომ გადავწყვიტეთ ნამდვილი მიზეზები გვეჩვენებინა: ის პუტინმა მოკლა!“ – დაწერა სლონიმმა.

“ნოვაია გაზეტას” ცნობით, უფლებადამცველი ნინა ლიტვინოვა იყო საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის, მაქსიმ ლიტვინოვის შვილიშვილი და პაველ ლიტვინოვის და, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში ჯარების შეყვანის წინააღმდეგ 1968 წლის 25 აგვისტოს წითელ მოედანზე ჩატარებული დემონსტრაციის მონაწილე იყო.

ნინა ლიტვინოვა ორმოც წელზე მეტხანს მუშაობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ოკეანოლოგიის ინსტიტუტში. მან გამოაქვეყნა არაერთი სამეცნიერო ნაშრომი და აღწერა ოკეანის ბინადართა რამდენიმე ახალი სახეობა.

“1960-იანი წლებიდან უფლებადამცველი პოლიტპატიმრებს ეხმარებოდა”, – წერს ორგანიზაცია მემორიალი ნეკროლოგში.

„სწორედ ეს მშვიდი და თითქმის შეუმჩნეველი მხარდაჭერა მათ მიმართ იყო მისი შეგნებულად არჩეული სტრატეგია. ნინა ლიტვინოვასთვის ოფიციალურ ტყუილში მონაწილეობაზე უარის თქმა და პოლიტპატიმრების ყოველდღიური დახმარება ბუნებრივ და “გაგმირების” გარეშე არსებულ საქმედ მიაჩნდა“, – აღნიშნულია მემორიალის ნეკროლოგში.