სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 5000 ლარით დააჯარიმა სუპერმარკეტების ქსელი “ლიბრე”. გარდა ამისა, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში, რუსთავის გზატკეცილი #19-ში მდებარე მაღაზიას.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, არაგეგმიური ინსპექცია მას შემდეგ ჩატარდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მაღაზიაში, ძეხვეულის მაცივარში კატაა შესული. ამ მიზეზით ადგილზე მისულმა ისპექცის თანამშორმლებმა ობიექტზე ვადაგასული პროდუქცია აღმოაჩინეს და დადგენილი ნორმების კრიტიკული შესაბამობა აღმოაჩინეს. სწორედ ეს გახდა დაჯარიმებისა და საწარმოო პროცესის შეჩერების საფუძველი.

” ვადაგასული სურსათი დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, სურსათის შეძენისას ყურადღება მიაქციოს ეტიკეტს, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობებს და ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, აცნობოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 1501.