ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინასთან ურთიერთობების აღსადგენად წინა პირობები არ აქვთ, რადგან ქვეყანა ამჟამად ომშია.

როგორც კობახიძე ამბობს, მზად არიან უკრაინასთან ყველა საკითხზე ჯანსაღი დისკუსიისთვის და იმისთვისაც, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესები,  „ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში“ მაინც დარჩნენ.

„ჩვენ უკრაინას ვერავითარ წინაპირობას ვერ წავუყენებთ, ეს არის ომში მყოფი ქვეყანა. ჩვენ პირველ რიგში ვუსურვებთ მშვიდობას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენთვის უკრაინა არის მეგობარი ქვეყანა და უკრაინელი ხალხი არის მეგობარი ხალხი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინაში აღდგეს მშვიდობა.

ჩვენ ვერავითარ წინაპირობებს ვერ დავაყენებთ. უფრო მეტიც, როდესაც უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯები გადაიდგა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ დავრჩით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ვაპირებთ დავრჩეთ ამ რეჟიმში. შესაბამისად, არ ვაპირებთ არავითარი წინა პირობების წამოყენებას უკრაინის ხელისუფლების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ უკრაინის ხელისუფლება შეცვლის დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და საქართველოს ხელისუფლების მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ უპასუხა კითხვას უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებაზე. პოდოლიაკის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ნაბიჯი ხელს შეუწყობს ურთიერთობების დათბობას და სურთ, რომ ის დაბრუნდეს უკრაინაში ან გაიგზავნოს რომელიმე ნეიტრალურ ქვეყანაში, სადაც გაივლის ხანგრძლივ მკურნალობას.

კობახიძის თქმით, პოდოლიაკის ეს განცხადება მათთვის საინტერესო ვერ იქნება და სააკაშვილის საკითხის განხილვა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის კონტექსტში სასაცილოა.

„პოდოლიაკი არის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი, რომელიც მოგვიწოდებდა ჩვენ მეორე ფრონტის გახსნისკენ. ჩვენთვის ვერ იქნება პოდოლიაკის ეს განცხადება საინტერესო, ეს არის ის ადამიანი, რომელმაც პირველ რიგში სინანული უნდა გამოხატოს იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. ამით უნდა დავიწყოთ.

საერთოდ სასაცილოა სააკაშვილის ამ კონტექსტში განხილვა, რომელიც არის ეთნიკურად ქართველი და რომელმაც ჯერ უკრაინას დაუშავა ბევრი რამ და უფრო ადრე დაუშავა საქართველოს. ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს არ აქვს ერთი და ორწლიანი ისტორია, ასეთ პირობებში ეთნიკურად ქართველი კრიმინალის განხილვა რაიმე სახის წინაპირობად, არის სრულიად გამორიცხული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


უკრაინას და საქართველოს შორის ურთიერთობები, ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გამო დაიძაბა, განსაკუთრებით კი გამწვავდა 2022 წელს, რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიიდან. თბილისი კიევს ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებდა და უკრაინის დანგრეული ქალაქების ფოტოებს იყენებდა საარჩევნო პროპაგანდისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკი კი ამბობდა, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ ინტერესებს წარმოადგენს და დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და სხვა მაღალჩინოსნები.

4 მაისს ერევანში ერევანში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე და მაკა ბოჭორიშვილი უკრაინის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ. საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა.

6 მაისს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა ტელეფონით ესაუბრა მაკა ბოჭორიშვილს და თქვა, რომ შეთანხმდნენ ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰა აცხადებს, რომ გააგრძელებს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებას.

ამასთან, უფრო ადრე, უკრაინამ საქართველოში დანიშნა ელჩი, რომელიც 4 წელი არ ჰყავდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი იგორ დოლგოვი 2022 წლის 1 მარტს კონსულტაციებისთვის, ხოლო 31 მარტს საბოლოოდ გაიწვია. ამის მიზეზად დაასახელა საქართველოდან „მოხალისეების არგაშვება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიცია“.

2023 წლის ივლისის შემდეგ უკრაინაში ელჩი არც საქართველოს ჰყავს. 2023 წლის 4 ივლისს უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის პრეზიდენტის სახელით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო პროტესტი გამოუცხადეს. უკრაინული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ელჩმა კიევი აღნიშნულიდან ორი დღეში დატოვა.