ოპოზიციის ალიანსი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებს აყენებს.
დღეს, 15 მაისს, სპეციალურად არჩევნების თემაზე გამართულ ბრიფინგზე მათ 6პუნქტად ჩამოაყალიბეს ის პირობები, რაც, მათ შეფასებით, აუცილებელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.
თუმცა, უშუალოდ არჩევნებთან დაკავშირებული 6 პირობის გარდა, მათ რამდენიმე წინაპირობაც აქვთ. მათ შორისაა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტა და რეპრესიული კანონების გაუქმება.
ოპოზიციის ალიანსის პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის:
- საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს. უნდა გახდეს სრულად პარიტეტულ პრინციპზე დაფუძნებული: 2020 და 2024 წლის არჩევნების შედეგად, ბარიერგადალახული პარტიების საფუძველზე უნდა დაკომპლექტდეს თითო წარმომადგენლით, ხოლო, ყველა შემდგომი კომისია უნდა დააკომპლექტო ახალმა კომისიამ სწორედ ამ პრინციპით. რაც შეეხება 20204 წლის არჩევნებს, რა თქმა უნდა, არ მივიჩნევთ ლეგიტიმურად. უბრალოდ, პირობითად ვიღებთ ამ მაჩვენებელს ბარიერის გადალახვის პრინციპიდან [ამ პრინციპის საჭიროებიდან] გამომდინარე;
- ემიგრანტებს უნდა დაუბრუნდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა, უბნები უნდა გაიხსნას ქვეყნის გარეთ, ადეკვატურად ყველა იმ ქვეყანაში, სადაც იქნება ემიგრანტების ის რაოდენობა, რომელიც გვაქვს დოკუმენტში;
- სანდო [საარჩევნო] კომისიასთან ერთად მნიშვნელოვანია სანდო ტექნოლოგიები. ამისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია გამკაცრდეს ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესი. ამიტომ, უნდა დაემატოს სახის ამომცნობი აპარატები;
- მნიშვნელოვანია აუდიტის შესწავლა-შემოწმების ნაწილში მოვიწვიოთ ისეთ სანდო, საერთაშორისო აუდიტორული კომპანია, რომელიც აუდიტირებას გაუწევს საარჩევნო პროცესს – როგორც აპარატებს, ისე კენჭისყრის დღის პროცესს.
- გაიხსნას სიები და შესაძლებელი გახდეს ამომრჩეველთა მონაწილეობის გასაჯაროება.
- საარჩევნო დავები განიხილოს სპეციალურად შექმნილმა სასამართლო კოლეგიებმა, რომელიც შერჩეული იქნება საერთო შეთანხმების საფუძველზე;
“ოპოზიციის ალიანსს “ქართული ოცნების” შეცვლა მთავარ ამოცანად აქვს დასახული. [ამის გაკეთება] მიგვაჩნია, სამართლიანი და თანასწორი არჩევნების, როგორც მთავარი ინსტრუმენტის გზით. მაგრამ, სანამ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე ვისაუბრებთ, აუცილებელია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტა. ასევე, უნდა გაუქმდეს ის რეპრესიული კანონები, რომლებმაც, ფაქტობრივად ჩამოშალა, ან ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე მიაყენა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, კრიტიკულ მედიას, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს და სხვა, დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან ინსტიტუტებს”, – განაცხადა პარტია “ახალის” წევრმა, თენგო თევზაძემ.
ოპოზიციის ალიანსში ერთიანდება 9 პოლიტიკური პარტია: „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ და „ევროპული საქართველო“.
მათი შეთანხმების ძირითადი პრინციპებია:
- ერთობა ერთფეროვნების გარეშე: პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საკომუნიკაციო და საპროტესტო სტრატეგიაზე;
- დემოკრატიული ალტერნატივა: ალიანსი თანხმდება, რომ ავტოკრატიულ რეჟიმს მხოლოდ მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული დემოკრატიული ალტერნატივა დაამარცხებს;
- მიზნის მიღწევის გზა: პროტესტის გაფართოება, საერთაშორისო წნეხის გაძლიერება და დემოკრატიული, სანდო ალტერნატივის შეთავაზება ქართველი ხალხისთვის.
ქცევის კოდექსი და პასუხისმგებლობა:
- დოკუმენტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ქცევის კოდექსი, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ პარტიებს შორის თანამშრომლობის წესებს მყარი ერთობის უზრუნველსაყოფად;
- პარტიები აღიარებენ ერთმანეთს თანასწორ პარტნიორებად და თანხმდებიან, რომ საერთო მიზნის მისაღწევად კოორდინირებული მოქმედება სტრატეგიული აუცილებლობაა.
