სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების გამწვავების ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხეთი იმ ქვეყნების სიაშია, სადაც რუსეთის მოქალაქეების აშშ-ის მოთხოვნით დაკავებისა და ექსტრადიციის რისკი არსებობს.

“რუსეთის მოქალაქეებმა საზღვარგარეთ გამგზავრებისას უნდა გაითვალისწინონ მესამე ქვეყნებიდან აშშ-ში დაკავებისა და ექსტრადიციის რისკი”-  ამის შესახებ რია ნოვოსტის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების მრავალმხრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა გრიგორი ლუკიანცევმა განუცხადა.

„ბევრ სახელმწიფოს, არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ უფრო ფართო კონტექსტშიც, აქვს გარკვეული ვალდებულებები გადაცემასა და ექსტრადიციასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული იმ რისკების შეფასებისას, რომლებსაც ადამიანები შეიძლება შეხვდნენ საზღვარგარეთ გამგზავრებისას“, – განაცხადა ლუკიანცევმა.

მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ წყვეტს, სად უნდა იმოგზაურონ რუსეთის მოქალაქეებმა და სად – არა. უწყებას მხოლოდ შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს გარკვეული ქვეყნების არ მონახულებას, თუ მოქალაქეები ფიქრობენ, რომ შესაძლოა პრობლემები შეექმნათ ამერიკულ ან ევროპულ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის მოთხოვნით რუსეთის მოქალაქეების დაკავების მაღალი რისკის მქონე ქვეყნებს შორის, სომხეთის გარდა შეყვანილია ასევე ავსტრალია, კანადა, ისრაელი, მალდივები, სამხრეთ კორეა, სინგაპური, ტაილანდი, ფიჯი, შრილანკა და მოროკო. ამასთან, რუსეთის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ეს სია არ მოიცავს ყველა ქვეყანას, რომელსაც აშშ-თან ექსტრადიციის შეთანხმება აქვს.

მოსკოვი, სომხეთში 5 მაისს ჩატარებული ევროპული სამიტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ერევანში გაკეთებული ანტირუსული განცხადებების, ასევე სომხეთის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე პრორუსი კანდიდატების დევნის გამო, ერევნის მიმართ მკაცრი ტონითა და ულტიმატუმებით გამოდის.