„ქართული ოცნების“ წევრი, შოთა ბერეკაშვილი აცხადებს, დროებითი კომისია, რომელიც პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით შეიქმნა, არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია იყო.

მისი თქმით, კომისიის მიზანი პრობლემის იდენტიფიცირება და შემდეგ სიღრმისეული ანალიტიკის მომზადება იყო.

„2025 წელს საშუალო ინფლაცია 3.9% იყო და ახლოს იყო მიზნობრივ ინფლაციასთან. თუმცა საკვებ პროდუქტებზე ინფლაცია იყო მაღალი. სწორედ ჩვენი ინიციატივა იყო შეგვესწავლა, რა იწვევს ამ პროცესს და რატომ მოხდა გაძვირება. პირველ რიგში ეს იყო არა ფასების დაკლების კომისია, ეს იყო ფასების შემსწავლელი კომისია.

კომისიის მიზანი იყო, რომ პირველ რიგში პრობლემების იდენტიფიცირება გაგვეკეთებინა – თუ რა იწვევს საკვებ პროდუქტებზე ინფლაციას. შემდეგ გაგვეკეთებინა ანალიტიკა, შეგვესწავლა სექტორი სიღრმისეულად და ამის შემდეგ დაგვედო გეგმა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იყო აღნიშნული პრობლემის მოგვარება. სწორედ ამისგან შედგება კომისიის 104- გვერდიანი დასკვნა“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

ბერეკაშვილის თქმით, კომისიის დასკვნა მოკლევადიანი დროებითი ღონისძიებას, საშუალო პერიოდზე გაწერილი კონკრეტული სისტემური რეფორმებსა და გრძელვადიანი სტრატეგიას მოიცავს.

მისივე თქმით, სხვა ქვეყნების გამოცდილებების შესწავლამ აჩვენა, რომ აგრესიულმა ინტერვენციამ ბაზარზე უფრო მეტი პრობლემა შექმნა და ამიტომ არ გასცა კომისიამ პროდუქტებზე ფასების ზედა ზღვრის დაწესების რეკომენდაცია.

„ადვილი იყო და შეგვეძლო საბაზისო პროდუქტებზე ზედა ზღვრის დაწესების რეკომენდაცია გაგვეცა, მაგრამ შემდეგ ისეთ სავალალო შედეგს მივიღებდით, შეიძლება ბაზრის სტრუქტურა ჩამოშლილიყო“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

პირველ მაისს „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში შექმნილმა დროებითმა კომისიამ, რომელიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შესწავლის მიზნით შეიქმნა, მუშაობა დაასრულა და დასკვნა გამოაქვეყნა.

კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოში საცალო სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლები გადაჭარბებულ მარჟებზე არ მიუთითებს და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

საცალო სექტორის მოგება გადაჭარბებულ მარჟებზე არ მიუთითებს – ფასების კომისიის დასკვნა