“ბათუმელებისა” და ნეტგაზეთის თანადამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 12 მაისს 51 წლის გახდა. დაბადების დღესთან დაკავშირებით, მისმა თანამშრომლებმა, კოლეგებმა და მეგობრებმა სიმბოლური აქცია გამართეს რუსთავის ქალთა კოლონიასთან.
მხარდამჭერები ციხესთან პლაკატებით მივიდნენ. დაგეგმილი იყო მზია ამაღლობელის მხარდამჭერი და გამამხნევებელი განცხადებების გაკეთება და ამ სიმბოლური აქტის გაშუქება, რათა, უკვე შემდგომ პატიმარს ეს ტელევიზიის საშუალებით ენახა, რაზეც ხელმისაწვდომობა ციხეშიც აქვს.
სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჟურნალისტებთან ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელი მივიდა და უთხრა, რომ მათ არ ჰქონდათ ტერიტორიაზე შეკრებისა და “პატიმართან კონტაქტის დამყარების” უფლება. თავდაპირველად ის თავს არიდებდა საკუთარი ვინაობის გამხელას, თუმცა შემდეგ თქვა რომ იყო ლაშა ჟამუტაშვილ და წარმოადგენდა პენიტენციურ სამსახურს.
ჟურნალისტებმა მას განმარტება სთხოვეს და დაუსვეს კითხვები – რის საფუძველზე ეზღუდებოდათ გადაადგილება კონკრეტულ მონაკვეთზე, ციხის გალავნიდან რა მანძილზე შეეძლოთ სიმბოლური აქციის ჩატარება, რას ნიშნავს “პატიმართან კონტაქტის დამყარება” და ა.შ. თუმცა, ის კონკრეტული პასუხების გაცემისგან თავს იკავებდა. მაგალითად, ამბობდა, რომ ჟურნალისტებს ციხის გარე პერიმეტრზე არ შეეძლოთ ყოფნა, მაგრამ არ აკონკრეტებდა რა მანძილს მოიცავს “გარე პერიმეტრი”; ის ჟურნალისტებს მოუწოდებდა, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია, მაგრამ არ ეუბნებოდა სად გადასულიყვნენ; ამბობდა, რომ არ შეიძლებოდა “პატიმართან კონტაქტის დამყარება”, მაგრამ ვერ ხსნიდა როგორ შეძლებდნენ ციხის გალავნიდან ათეულობით მეტრის დაშორებული ჟურნალისების ციხის საკანში მყოფ კოლეგასთან კონტაქტს. ჟამუტაშვილი ამტკიცებდა, რომ შეძახილი “თავისუფლება მზიას” პატიმართან კონტაქტის დამყარებაა, რაც კანონით აკრძალულია.
მზია ამაღლობელის კოლეგებმა და მეგობრებმა პენიტენციურის წარმომადგენელს უთხრეს, რომ გასულ წელს, 2025 წლის 12 მაისს, იმავე დროს, იმავე ადგილას, იმავე შინაარსისა და ფორმის სიმბოლური აქციით მიულოცეს დაბადების დღე მზია ამაღლობელს. არ მაშინ და არც მას შემდეგ, მათთვის არავის განუმარტავს, რომ ეს კანონდარღვევა იყო. ლაშა ჟამუტაშვილმა თქვა, რომ მან არ იცოდა რა ხდებოდა შარშან, მაგრამ ახლა ის საუბრობდა უწყების სახელით და უნდა დამორჩილებოდნენ. ის ჟურნალისტებს დაემუქრა, რომ მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაჯარიმდებოდნენ.
“შარშანაც, ასე მოვედით კოლეგები და მეგობრები. დღეს არის მზია ამაღლობელის დაბადების დღე. ჩვენ [გასულ წელსაც] გავიარეთ ეს ტერიტორია, მივედით უკან, შემაღლებულ სივრცეში და ვულოცავდით შეძახილებით. ამის გამო არავის დავუჯარიმებივართ. არ ყოფილა მსგავსი განმარტება”, – უთხრა ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელს ლიკა ზაკაშვილმა, გამოცემა “პუბლიკას” რედაქტორმა.
“აკრძალულია. ეს არის კანონის დარღვევა. თუ გაიმეორებთ ახლა, დაჯარიმებული იქნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით […] სამწუხაროდ, მე არ ვარ საქმის კურსში შარშან რა იყო, მაგრამ ახლა გეუბნებით”, – უპასუხა მას ლაშა ჟამუტაშვილმა, შემდეგ კი უარი თქვა ეპასუხა კითხვებზე მოსალოდნელი სანქციის შესახებ, ასევე, არ დააზუსტა რა დისტანციაზე ვრცელდებოდა მისი მითითება.
არაერთი კითხვისა და მოწოდების შემდეგ, მან დაასახელა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლი. თუმცა, არც მისი შინაარსი განუმარტავს, არც ის, თუ რა პასუხისმგებლობას ითვალისწინებს მისი დარღვევა. ლაშა ჟამუტაშვილი ამბობდა, რომ მოქალაქეებმა ისედაც უნდა იცოდნენ კანონმდებლობა და მას არ აქვს განმარტების ვალდებულება.
სავარაუდოდ, ჟამუტაშვილი საუბრობდა კოდექსის 177-ეს მე-13 პრიმა მუხლზე – პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევა.
ეს მუხლი გულისხმობს, რომ სამართალდარღვევაა პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში ყოფნა ან/და სატრანსპორტო საშუალების შეყვანა ნივთის/ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით პენიტენციურ დაწესებულებაში შეტანა ან/და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირისთვის გადაცემა, პიროტექნიკური ნაწარმის, ფეიერვერკის, მომწამლავი, ადვილად აალებადი ან/და სხვა ნივთის/ნივთიერების შეტანა ან/და გამოყენება, აგრეთვე აღნიშნული ზოლიდან ან მისი მიმდებარე ტერიტორიიდან კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისკენ/არეულობისკენ/დაუმორჩილებლობისკენ წაქეზება/მოწოდება, უკანონო ფორმით ინფორმაციის მიწოდება, თუ ეს ქმედება მიმართულია პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირისადმი. ამ მუხლის დარღვევისთვის მოქალაქე 500 ლარით დაჯარიმდება.
საბოლოოდ, ჟურნალისტები მაინც მივიდნენ განსაზღვრულ ადგილას – ციხის გალავნისგან რამდენიმე ათეული მეტრით დაშორებული ფერდობის თავზე, გაშალეს ბანერები, რამდენიმე მათგანი სიტყვითაც გამოვიდა და დაახლოებით 10-15 წუთში დაასრულეს სიმბოლური აქცია.
ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ პირდაპირ ეთერი, რომელიც ინციდენტის მიმდინარეობისას ნეტგაზეთს ფეისბუქ გვერდზე გადაიცემოდა:
2026 წლის 12 მაისს დღეს მზია ამაღლობელის პატიმრობიდან 16 თვე გავიდა. ამავე დღეს, სახაროვის პრემიის ლაურეატი მზია ამაღლობელი 51 წლის გახდა.
ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელს 2 წლით პატიმრობა პოლიციელ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო შეუფარდა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, რომელსაც სისხლის სამართალში კვალიფიკაცია არ აქვს. ნინო სახელაშვილმა მაშინ დაიწყო მზია ამაღლობელის საქმის განხილვა, როდესაც მას მოსამართლეობის გამოსაცდელი ვადა ეწურებოდა. ის სწორედ მას შემდეგ დანიშნეს უვადო მოსამართლედ, რაც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა.
რიგითი პროკურორი, თორნიკე გოგეშვილი, რომელიც მზია ამაღლობელის გაყალბებულ საქმეზე პროკურატურას წარმოადგენდა, მზია ამაღლობელის საქმის „წარმატებით“ დასრულების შემდეგ, დააწინაურეს ბათუმის პროკურორის მოადგილედ, ხოლო კიდევ ერთი რიგითი პროკურორი, შოთა ჩხაიძე ოზურგეთის პროკურორის მოადგილე გახდა.
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის გამყალბებელი მარიამ კერესელიძე, რომელიც ერთი სტიკერის გაკვრისთვის ორჯერ წარსდგა სასამართლოში მზია ამაღლობელის დაჯარიმების მოთხოვნით და სასამართლომაც ეს მოთხოვნა ორივეჯერ დაუკმაყოფილა, შს სამინისტრომ „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა.
ზურგზე ხელებგაკრული მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და სხვა პატიმრების სასტიკად ცემაში მხილებული პოლიციელი ირაკლი დგებუაძე კი შს სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის ბრძოლის სამმართველოს უფროსად დანიშნეს
