საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოს შესახებ. ეს საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაა.
რეზოლუციით, ასამბლეა საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეცაა.
დოკუმენტში წერია, რომ საფრანგეთმა უნდა გაიზიაროს ევროპარლამენტის 2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუცია, რომელიც არა მხოლოდ ივანიშვილის, არამედ მისი ახლო გარემოცვისთვის ინდივიდუალური, მიზნობრივი სანქციების დაწესებას გულისხმობს. გარდა ამისა, რეზოლუცია მოითხოვს, ივანიშვილს ჩამოერთვას საპატიო ლეგიონის ორდენი იმ საფუძვლით, რომ მისი ქმედებები ეწინააღმდეგება საფრანგეთის რესპუბლიკის მიერ აღიარებულ ღირებულებებს.
საფრანგეთის რესპუბლიკის საპატიო ლეგიონის ორდენი არის ქვეყნის უმაღლესი ჯილდო, რომელიც განსაკუთრებული დამსახურებისთვის ენიჭებათ როგორ მოქალაქეებს, ისე უცხოელებს. ეს ჯილდო ბიძინა ივანიშვილს გადაეცა 2010 წელს – იქამდე, სანამ საჯარო პოლიტიკაში ჩაერთვებოდა და პარტია “ქართულ ოცნებას” დააფუძნებდა. ჯილდოს გადაცემის ოფიციალური მიზეზია მისი საქველმოქმედო საქმიანობა.
რეზოლუციაში წერია, რომ ბიძინა ივანიშვილის როლი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. აქვეა აღნიშნულია, რომ “ივანიშვილის ჩარევას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საკითხებში ევროპარლამენტი დემოკრატიის განვითარების მთავარ დაბრკოლებად აფასებს”. ამ ჩარევას რეზოლუცია რუსეთის გავლენით ხსნის. ასამბლეა რეზოლუციით მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას, საჯაროდ დაგმოს რუსეთის გავლენა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილზე და ზოგადად, ქართულ პოლიტიკურ ინსტიტუტებზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ
“ეს მოვლენები არ შეიძლება განვიხილოთ რეგიონული გეოპოლიტიკური კონტექსტისგან დამოუკიდებლად” – წერია რეზოლუციის ტექსტში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ “მოსკოვის იდეოლოგიური და სტრატეგიული გავლენა საქართველოზე სულ უფრო ძლიერდება”. რეზოლუციის მიხედვით, ეს გავლენა საქართველოში პოლიტიკური ეკონომიკური და მედია არხების მეშვეობით ძლიერდება.
რეზოლუციაში საუბარია “ბათუმელებისა” და ნეტგაზეთის თანადამფუძნებელსა და ჟურნალისტზე, მზია ამაღლობელზე, რომელიც უკვე 16 თვეა უკანონო პატიმარია. დოკუმენტში წერია, რომ ამაღლობელი საქართველოში გამოხატვის თავისუფლების სიმბოლოდ იქცა და ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს მისთვის სახაროვის პრემიის მინიჭება.
გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია საქართველოში ადამიანის უფლებების ფუნდამენტური დარღვევის არაერთ ფაქტზე. მათ შორის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ დაწყებულ, ან უკვე დასრულებულ სისხლის სამართლებრივ დევნაზე. რეზოლუციაში წერია, რომ საქართველოში “ათობით მშვიდობიანი მომიტინგე, მათ შორის სტუდენტები, უკანონოდ დააკავეს და შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობები ან სოლიდური ჯარიმები”.
რეზოლუციის მხარდამჭერთა რეკომენდაციაა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებული იყოს იქამდე, სანამ ქვეყანა შესაბამის პოლიტიკურ სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს. მათ შორის, აღსანიშნავია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
“საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება შემაშფოთებელია უკვე ბევრი თვეა. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მთავრობამ აშკარად გადაუხვია ევროპული ტრაექტორიიდან. გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა, რომლებიც “ქართულ ოცნებას” წარმოადგენენ, დაიწყეს შემაშფოთებელი ცვლილებები, გადაუხვიეს ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებს და გაამწვავეს ისედაც დაძაბული ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოებასთან”, – წერია რეზოლუციის ტექსტში.
დოკუმენტში წერია, რომ აღნიშნული ცვლილებები “არ იყო არაპროგნოზირებადი”. რეზოლუცია მიმოიხილავს იმ საერთაშორისო გამოხმაურებებსა თუ ანგარიშებს, რომლებიც ევროპულმა ინსტიტუტებმა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოზე მოამზადეს. ტექსტში ვკითხულობთ, რომ ყველა ეს გამოხმაურება თუ რეკომენდაცია “უგულებელყოფილი დარჩა”, საქართველოში და მდგომარეობა გაუარესდა.
რეზოლუციაში საუბარია 2008 წლის ომზეც. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისა, “კონფლიქტის წარმოშობა დაუკავშირდა მიხეილ სააკაშვილს”. საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტში წერია, რომ ეს არის “კრემლის რიტორიკის” გაგრძელება და ოპოზიციის დელეგიტიმაციის მცდელობა. აქვეა აღნიშნული, რომ საფრანგეთის უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
აღნიშნული რეზოლუცია საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში წარდგენილია 2025 წლის სექტემბრიდან, მიიღეს დღეს 2026 წლის 12 მაისს. კენჭისყრაში მონაწილეობა სულ 97-მა დეპუტატმა მიიღო, საიდანაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა 68 მათგანმა, წინააღმდეგი იყო 28, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.
