მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი შიო მესამეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქად არჩევას ულოცავს.
„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ,
ძვირფასო მეუფეო!
ქრისტე აღდგა!
გულწრფელად გილოცავთ თქვენი სიწმინდის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლად არჩევას. ამ მოვლენის შესახებ ცნობამ გაამძაფრა აღდგომის ბრწყინვალე სიხარული ჩვენი ეკლესიის შვილთა გულებში, რომლებშიც ცოცხლობს გულწრფელი სიყვარული ივერიის — ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის მიმართ.
ღვთის განგებით, ჩვენი დობილი ეკლესიები უძველესი დროიდან არიან დაკავშირებულნი საერთო ისტორიით, მოშურნედ მოწმობენ სახარებისეულ ჭეშმარიტებას და ურყევად იცავენ რწმენას, „რომელიც ერთხელ გადაეცა წმიდათ“ (იუდ. 1:3). საქართველოში მრავალგზის სტუმრობისას, ისევე როგორც ივერიის მიწიდან ძვირფასი სტუმრების მიღებისას, ყოველთვის ვგრძნობდი ჩვენი ერთმორწმუნე ხალხების ღრმა სულიერ სიახლოვეს.
ვლოცულობ, რათა ღვთის შეწევნით, თქვენს პირველმთავრულ მსახურებაში ღირსეულად გაგრძელდეს ძმური ურთიერთობის ის ტრადიციები, რომლებიც ჩამოყალიბდა თქვენი ღირსშესანიშნავი წინამორბედების დროს, განსაკუთრებით კი — მთელ მართლმადიდებელ სამყაროში პატივდებული, მარადსახსენებელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დროს.
მთელი გულით გისურვებთ ჯანმრთელობასა და ზეციურ დაუცხრომელ შეწევნას მრავალჟამიერ, მშვიდობიან და კურთხეულ პატრიარქობას“, – ნათქვამია რუსეთის პატრიარქის მისალოც წერილში.
შიო მესამეს პატრიარქად არჩევა ასევე მიულოცა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ.
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში გაფართოებულ კრებაზე მიტროპოლიტი შიო ახალ პატრიარქად 22 ხმით აირჩიეს. მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, მიტროპოლიტმა გრიგოლმა – 7 ხმა.
როგორც შიო მესამემ განაცხადა, მისი ინტრონიზაცია ხვალ, 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდება.
