ნეტგაზეთის რეპორტიორის, მარიამ ძიძარიას მიერ “გზის გადაკეტვის” საქმეზე გადაწყვეტილება 20 მაისს გამოცხადდება.
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ დღევანდელ სხდომაზე გამოიკვლია მტკიცებულებები და მოუსმინა მხარეებს, თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტს ედავება “გზის გადაკეტვას” 31 იანვარს, შაბათის ტრადიციული მარშის დროს. სადავო ეპიზოდის დროს ძიძარია პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა – აშუქებდა მიმდინარე პროტესტს. გარდა ამისა, მას ხელში ეჭირა კამერა, ეკეთა ჟურნალისტის ბარათი და მხარზე დამაგრებული ჰქონდა პრესის ნიშანი. ამის მიუხედავად უწყებამ მას მაინც შეუდგინა სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 5000 ლარამდე, ან 15 დღემდე პატიმრობას.
ამ საქმეზე პირველი სხდომა 27 მარტს გაიმართა, თუმცა დაწყებისთანავე გადაიდო. სხდომის გადადების შუამდგომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, თინათინ კაჭკაჭიშვილმა დააყენა. მისი თქმით, სჭირდებათ დრო დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად. დღევანდელ სხდომაზე შსს-მ წარადგინა 112-ის სამეთვალყურეო კამერებით გადაღებული ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს ძიძარიას გადაადგილება 31 იანვარს, საღამოს საათებში, შაბათის ტრადიციული მარშის შემდეგ მიმდინარე პროევროპულ აქციაზე, პარლამენტის წინ.
კაპანაძე განიხილავდა ტაბულას ჟურნალისტის, მარიამ კუპრავას იდენტურ საქმესაც. კუპრავასა და ძიძარიას საქმეებს შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა – თუ ძიძარია 31 იანვრის შაბათის მარშს აშუქებდა, კუპრავას შემთხვევაში შსს-მ სამართალდარღვევის ოქმი 7 მარტის შაბათის მარშის დროს გადაღებული ვიდეოკადრების საფუძველზე შეადგინა. 2 აპრილს მოსამართლე კაპანაძემ მარიამ კუპრავას საქმის წარმოება შეწყვიტა.
