„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი ცოლი ეკატერინა შიო მესამეს ულოცავენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას.
„გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას.
დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო და ამავდროულად საპასუხისმგებლო მისია, რომ უხელმძღვანელოთ ჩვენს დედა ეკლესიას და იყოთ თითოეული მართლმადიდებელი ქართველის, ერის და ბერის სულიერი მამა.
თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი ისტორიული პასუხისმგებლობაა ემსახურო ეკლესიას და ქვეყანას იმ დროს, როდესაც საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და მშვიდობა. ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდია იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ აგრძელებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის გზას, რომელმაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში, რთულ და ქარტეხილებით აღსავსე პერიოდში, ჩვენი ხალხი და ქვეყანა ღირსეულად ატარა.
გვწამს, რომ თქვენი მოღვაწეობა სიმშვიდის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას და ფასეულობებს, რომლებზეც ჩვენი ეროვნული იდენტობა დგას.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ძალას და სულიერ სიმტკიცეს.
ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა და სრულიად საქართველო.
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები“, – ნათქვამია ივანიშვილების მილოცვაში.
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში გაფართოებულ კრებაზე მიტროპოლიტი შიო ახალ პატრიარქად 22 ხმით აირჩიეს. მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, მიტროპოლიტმა გრიგოლმა – 7 ხმა.
როგორც შიო მესამემ განაცხადა, მისი ინტრონიზაცია ხვალ, 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდება.
