ირაკლი კობახიძემ ახალი უმაღლესი სასწავლებლის, საქართველოს დიპლომატიის აკადემიის შექმნა დააანონსა. მან თქვა, რომ არსებული კერძო და უმაღლესი სასწავლებლები ვერ უზრუნველყოფენ სტუდენტებისთვის სათანადო ცოდნისა და უნარების განვითარებას ამ მიმართულებით.
დიპლომატიის აკადემია დაექვემდებარება საგარეო საქმეთა სამინისტროს. კობახიძის თქმით, ის 2027 წლის სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.
“მთავრობის გადაწყვეტილებით იქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საქართველოს დიპლომატიის აკადემია. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტები დღეს არსებითად ვერ უზრუნველყოფენ მომავალი დიპლომატებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების სათანადოდ გადაცემას.
საქართველოს დიპლომატიის აკადემია მოამზადებს მაღალკვალიფიციურ კადრებს დიპლომატიური სამსახურისათვის. უწყებრივი დაქვემდებარება ხელს შეუწყობს აკადემიას სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაში.
თქვენ იცით, რომ წარმატებით ფუნქციონირებს რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ასეთი უწყებრივი დაქვემდებარებით. ეს არის, მაგალითად, საქართველოს თავდაცვის აკადემია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია. ასევე, მოგეხსენებათ, შეიქმნა უსაფრთხოების აკადემია. ამ წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ საქართველოს დიპლომატიის აკადემიაც, თავისი უწყებრივი დაქვემდებარებით, წარმატებით უზრუნველყოფს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებას.
მე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და მთლიანად სამინისტროს, დახვეწილი კონცეფციის მომზადებისთვის. მომავალი წლის სექტემბრიდან, ავტორიზაციის გავლის შემდეგ, წარმატებით დაიწყებს ფუნქციონირებას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი ამოცანაა, მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური კადრები ჩვენი დიპლომატიური სამსახურისათვის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების შემდგომი გამყარებისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, ახალი სასწავლებლის ამოქმედების შემდეგ დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროგრამები სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებსაც შეუნარჩუნდებათ თუ არა. მოგეხსენებათ, “ქართული ოცნების” უმაღლესი განათლების რეფორმა ეფუძნება პრინციპს “ერთი ფაკულტეტი – ერთი ქალაქი”, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტების აბსოლუტურ უმრავლესობაში გააუქმეს ფაკულტეტები. განათლების სამინისტრომ განსაზღვრა, რომელ სახელმწიფო უნივერსიტეტს რომელი ფაკულტეტის სწავლების უფლება აქვს. ამ მოცემულობით, თბილისში საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს. გარდა ამისა, სახელმწიფო ყოველ წელს ხელახლა განსაზღვრავს, კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რამდენი სტუდენტის მიღების უფლება ექნება უნივერსიტეტს.
ამავე თემაზე:
