სომხეთში ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, რუსმა ოლიგარქმა და ბიზნესმენმა სამველ კარაპეტიანმა 7 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჰალუცინოგენური სოკოების გამოყენებაში დაადანაშაულა. ინფორმაციას news.am ავრცელებს.

სომხეთში 2026 წლის 7 ივნისის არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება რუსი ბიზნესმენის და ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის პარტია „ძლიერი სომხეთი. მას მხარს უჭერს მოსკოვი – პუტინსა და ფაშინიანს შორის მოსკოვში ბოლო შეხვედრისას, პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ მმართველი პარტიის ოპონენტი პოლიტიკური ძალები შეძლებენ სომხეთის შიდაპოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას და, ამავდროულად, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ქვეყნის შინაურ საქმეებში არ ერევა.

გამოცემის ცნობით, ფაშინიანის განცხადებებზე პასუხისას, სადაც მან კარაპეტიანს „პოლიტიკურად უსახლკარო“ უწოდა და ქონების ჩამორთმევით დაემუქრა, კარაპეტიანმა თქვა, რომ თავად ფაშინიანი უკვე 8 წელია ქვეყანას სწორედ ამ სტატუსით მართავს.

„ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, რომ მის განცხადებებს ზედმეტ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. როცა გასულ წელს ჩინეთში წავიდა, იქ არსებობს სოკოს რესტორნები, სადაც სოკოები ადამიანებში ჰალუცინაციებს იწვევს. მან გასინჯა, მოეწონა და ჩემი ინფორმაციით, ერთი ტონა წამოიღო“, –  განაცხადა კარაპეტიანმა.

მისი თქმით, ფაშინიანი ამ სოკოებს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებისა და პარლამენტში გამოსვლების წინ იყენებს, რის შემდეგაც „თავის ოცნებებსა და ფანტაზიებს ახმიანებს“.

„ეს სოკოების შედეგია. სერიოზულად ნუ მიიღებთ. ყველაფერი თავისი გზით მიდის. ის ცაიტნოტშია. 7 ივნისს ხალხი შეაფასებს. მის ფანტაზიებზე კომენტარს არ გავაკეთებ. 30 დღის განმავლობაში ილაპარაკებს  და მე რა, ყოველდღე ვაკომენტარო? ყოველდღე გადაყლაპავს და ილაპარაკებს“, –  თქვა კარაპეტიანმა.

ჟურნალისტის შენიშვნაზე, თუ რამდენ ხანს გრძელდება სოკოების მოქმედება, რუსმა ოლიგარქმა უპასუხა, რომ თავად არ გაუსინჯავს და არ იცის, თუმცა „გამწვავება გამოყენებისთანავე იწყება“.

ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის ბრალდებას უკვე გამოეხმაურა ნიკოლ ფაშინიანი ფეისბუკზე:

„რა თქმა უნდა, კალუგელ ოლიგარქს სასამართლოში ვუჩივლებ და პირდაპირი სამართლებრივი მნიშვნელობით ერთ ტონა ჰალუცინაციების გამომწვევ სოკოს შევაჭმევ. ბოდიშს ვიხდი ჩემი მკვეთრი ლექსიკისთვის, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ყველაფერს აქვს საზღვარი“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.