სასულიერო აკადემიის და სემინარიის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, დურმიშხან ლაშხი აცხადებს, რომ საპატრიარქო კანდიდატს, მიტროპოლიტ იობს (აქიაშვილი) განათლების ხარისხი დაუდასტურეს.
მიტროპოლიტ იობისთვის განათლების ხარისხის დადასტურება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გაირკვა, რომ საპატრიარქო კანდიდატის დიპლომი, რომელიც ადასტურებდა, რომ მან მცხეთის სასულიერო სემინარია დაასრულა, მისი საეპისკოპოსო რეზიდენციიდან დაიკარგა. მიტროპოლიტი იობის დიპლომის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) გაავრცელა და გამოთქვა ეჭვი, რომ საპატრიარქო კანდიდატის დიპლომი მოიპარეს.
„კვალიფიკაციის მიმნიჭებელმა კომისიამ, მიწოდებულ მასალებზე დაყრდნობით, საარქივო მონაცემებზე დაყრდნობით, მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. მეუფე იობს დაუდასტურდა განათლება. ამ საკითხთან დაკავშირებით მე მეტის თქმა არ შემიძლია“, – განაცხად დურმიშხან ლაშხმა „ტვ პირველთან“ სატელეფონო საუბრისას.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, გიორგის (ჯამდელიანი) განცხადებით, იმისათვის, რომ მიტროპოლიტ იობს საპატრიარქო კანდიდატად წარდგენა შეძლებოდა, მას შესაბამისი სასულიერო განათლების დამადასტურებელი დიპლომის წარდგენა მოსთხოვეს. თუმცა მიტროპოლიტმა აღმოაჩინა, რომ დიპლომი, რომელიც მის რეზიდენციაში ინახებოდა, დაკარგული იყო.
„სანამ ეს მოვლენები ასე განვითარდებოდა და, სამწუხაროდ, ღვთივგანისვენა ჩვენმა დიდმა პატრიარქმა… ორი თვის წინ მიტროპოლიტმა იობმა თავის რეზიდენციაში, სადაც იყო ეს დოკუმენტები, საქაღალდეები, მათ შორის იდო დიპლომი… ეს არის დიპლომი მცხეთის სემინარიისა, რომელიც მან დაამთავრა 1988 წელს და ე.ი. როდესაც იქნა მოთხოვნილი, რომ საბუთები წარმოედგინა სინოდის სხდომაზე, ახლა კანდიდატების გამორჩევის დღეს, ფაქტიურად, გაურკვეველ ვითარებაში, საეპისკოპოსო რეზიდენციიდან დაიკარგა დიპლომი, წარმოიდგინეთ.
არ ვიცი, ხელს ვერავისკენ ვერ გავიშვერთ, მაგრამ სადაც იდო, ფაქტიურად რეზიდენციაში ეს დიპლომი აღარ არის. დიდი ალბათობით, ეს არის მოპარული“, – განაცხადა 4 მაისს „ტვ პირველის“ ეთერში ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა.
სწორედ სასულიერო განათლების დამადასტურებელი დიპლომის არქონის მიზეზით ვერ შეძლო საკუთარი თავის საპატრიარქო კანდიდატად დაყენება ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ (ჭანტურია). სინოდისთვის წერილობით წარდგენილ მიმართვაში მიტროპოლიტი ისაია აღნიშნავდა, რომ „ათწლეულების განმავლობაში ეპარქიის მართვა და ეკლესიის ერთგული მსახურება არის ის ცოცხალი გამოცდილება, რომელიც არანაკლებ ფასეულია, ვიდრე აკადემიური დიპლომი“. თუმცა სინოდმა მას საკუთარი კანდიდატურის წარდგენის უფლება არ მისცა.
რა წერია სინოდის სხდომის ოქმში, რომელზეც პატრიარქობის კანდიდატები გამოავლინეს
