ირაკლი კობახიძემ ვრცლად ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერევანში გამართული შეხვედრის დეტალებსა და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შესახებ. მისი განცხადებით, მიუხედავად დაგროვილი გამოწვევებისა, ქართული მხარე მზად არის, მაქსიმალური ძალისხმევა მიმართოს ურთიერთობების სრულფასოვნად აღდგენისკენ.
ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ. მისი თქმით, თბილისი მზადაა გადადგას ყველა გონივრული ნაბიჯი, რათა ეს ისტორიული კავშირი მთავრობათაშორის ურთიერთობებშიც აისახოს.
„ჩვენ, ბუნებრივია, ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, რომელიც დღეს ურთულეს, ომის მდგომარეობაში იმყოფება. ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური და სოციალური პირობებია. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და ყველანაირად ვართ დაინტერესებული, რომ არსებობდეს მეგობრული ურთიერთობები როგორც ქვეყნებს, ისე ხელისუფლებებს შორის. ჩვენი მხრიდან სრული მზაობა არსებობს და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, — განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ მწვავე ბრალდებებს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში უკრაინის ხელისუფლების მისამართით ისმოდა “ქართული ოცნებიდან”. მედიის კითხვა შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა “ოცნების” უწყვეტ რიტორიკას კიევის წინააღმდეგ, მათ შორის ბრალდებებს საქართველოს ომში ჩათრევის, შიდა საქმეებში ჩარევის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლისა და ძებნილი პირების — ზურაბ ადეიშვილისა და გია ლორთქიფანიძის თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ.
კითხვაზე, განიხილეს თუ არა შეხვედრაზე ამ ძებნილი პირების გადმოცემის საკითხი, კობახიძემ უპასუხა, რომ საუბრის დეტალების შესახებ ვერ ისაუბრებდა, თუმცა აღნიშნა, რომ ძველი პრობლემები კვლავ დღის წესრიგში რჩება.
„პრობლემები, რაც იყო, ბუნებრივია, რჩება. არსად წასულა არც ადეიშვილი, არც ლორთქიფანიძე, არც ის განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა, და არც ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება. თუმცა გუშინდელი შეხვედრა არსებითად კონცენტრირებული იყო მეგობრულ საუბარზე და ეს სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სიღრმეებში არ შევსულვართ, მათ შორის არც პრობლემებთან დაკავშირებით. ჩვენ მომავალზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული“ ,— განმარტა მან.
ჟურნალისტის რეპლიკას იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტ ზელენსკის ხშირად ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენდა, კობახიძემ კატეგორიულად უპასუხა და აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტის მიმართ პერსონალური თავდასხმებისგან პირადად ის ყოველთვის თავს იკავებდა.
„ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში მე პირადად არასდროს მიხსენებია. ამას ერთადერთი მიზეზი აქვს: ის არის იმ მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც დღეს ომის მდგომარეობაშია. აქედან გამომდინარე, მე ყოველთვის ვუფრთხილდებოდი ჩემს სიტყვებს კონკრეტულად პრეზიდენტ ზელენსკისთან დაკავშირებით. პრობლემები არსად წასულა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ — ჩვენი მიზანია, ვიყოთ ორიენტირებული მომავალზე“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
