საქართველოს ნავთობისა და გაზის კვლევა-მოპოვებით სექტორში ოპერირებას ახალი საერთაშორისო ინვესტორი – ამერიკული კომპანია Aspect Georgia LLC დაიწყებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კვლევა-მოპოვებით სექტორში ახალი საერთაშორისო ინვესტორი – Aspect Georgia LLC შემოვიდა, რომელიც კვლევა-მოპოვებითი სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაში 70 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანია იმ ინვესტორთა ჯგუფს შეუერთდა, რომლებიც აღმოსავლეთ საქართველოში XIQ სალიცენზიო ფართობზე ლიცენზიით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებენ.

Aspect Georgia LLC-ს გადაეცემა სამი კონტრაქტორი კომპანიის – Georgia Oil and Gas Limited-ის, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“და GOG SLADS Limited-ის ერთობლივი პროექტის წილი. აღნიშნულ კონტრაქტორებს შორის XIQ სალიცენზიო ფართობზე „პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება“ 2021 წლის 23 დეკემბერს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ჩატარებული ღია საერთაშორისო ტენდერის შედეგად გაფორმდა“, – აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.

მათი ცნობით, ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ,“ მოქმედმა კონტრაქტორმა კომპანიებმა — Georgia Oil and Gas Limited (GOGL), სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“, GOG SLADS Limited-მა და ახალმა ინვესტორმა — Aspect Georgia LLC-მ. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო ეკონომიკისა მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე.

„Aspect Georgia LLC რეგისტრირებულია აშშ-ის კოლორადოს შტატში და წარმოადგენს ამერიკული ნავთობმომპოვებელი ჯგუფის — Aspect Holding LLC-ის აფილირებულ კომპანიას. Aspect Holding LLC-ს მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება აქვს ნავთობისა და ბუნებრივი გაზის კვლევა-მოპოვებით საქმიანობაში, მათ შორის რთული გეოლოგიური სტრუქტურების მქონე საბადოებზე. კომპანია ოპერირებს აშშ-ში, ცენტრალურ ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში“, – აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.