მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე „ქართული ოცნების“ მთავრობაში საკადრო ცვილებებს ეხმაურება.

მისი თქმით, მამუკა მდინარაძის გადაყვანა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად , ფაქტობრივად, მისი „ძალოვნების დირექტორად“ დანიშვნას ნიშნავს.

ამასთან, ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ „ოცნებას“ სანდო კადრების პრობლემა აქვს და მაქსიმალურ ოპტიმიზაციას ცდილობს.

„ძალოვან მინისტრებში საკადრო გადანაცვლება უნდა აღვიქვათ, როგორც რეჟიმის მიერ ძალების გადალაგება და შიდა რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებისკენ მიმართული ნაბიჯი.

სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, ერთი შეხედვით, უმცროსი მინისტრის თანამდებობას ჰგავს, რადგან მას “უპორტფელო მინისტრს” უწოდებენ (ზოგჯერ მანდ პენსიაზეც გაუშვიათ), მაგრამ, მეორე მხრივ, ეს კონკრეტული პოლიტიკური ფიგურის ბიუროკრატიული ყოველდღიურობისგან გათავისუფლებაცაა – უფრო მეტი დროის მისაცემად მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები/მართოს სისტემა.
თავს ნუ მოვიტყუებთ. სუს-ის უფროსის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად გადაყვანა ფაქტობრივად მისი “ძალოვნების დირექტორად” დანიშვნას ნიშნავს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ის პრემიერი მოადგილის სტატუსსაც მიიღებს და გარდა ძალოვნების კონტროლისა პოლიტიკური ფიგურაც შეეძლება იყოს (რაც სუს-ის უფროსობიდან გამირიცხული იყო).

მეორე, რაც შეიძლება ვთქვათ – საკადრო დეფიციტია, რასაც რეჟიმი განიცდის. ეს განუწყვეტელი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ „ოცნებას“ სანდო კადრების პრობლემა აქვს და მაქსიმალურ ოპტიმიზაციას ცდილობს. არც იმის შესაძლებლობა აქვს, რამდენიმე ძლიერი ძალოვანი მინისტრი/უფროსი ჰყავდეს და არც იმის ფუფუნება, ერთ-ერთი მთავარი სპიკერი სუს-ის უფროსობის გამო პოლიტიკურ დისკუსიაში ვერ ჩართოს“, – წერს ვახუშტი მენაბდე.


„ქართული ოცნების“ მთავრობაში საკადრო გადაადგილებებია. მთავრობის სტრუქტურას სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა დაემატება, რომელსაც  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი უფროსი, მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.

მამუკა მდინარაძის ნაცვლად  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას გელა გელაძე დაიკავებს, რომელიც ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრია.

შინაგან საქმეთა მინისტრად დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი დაინიშნა. სულხან თამაზაშვილი ამ დრომდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.