Amnesty International-მა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღწერილია 2025 წელს მთავრობებისა და სხვა აქტორების მხრიდან ხშირად ჩადენილი დარღვევები, ანგარიშვალდებულების არარსებობა და სისტემური უსამართლობა, ასევე, ცალკეულ სფეროებში მიღწეული წინსვლა.

Amnesty International-ის შეფასებით, საქართველომ სრულად მიჰყო ხელი მმართველობის ავტორიტარული მეთოდების გამოყენებას და განსხვავებულ აზრს სისტემატურად ახშობდა. 

Amnesty International-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოში მკაცრად შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლებები.

ასევე, ანგარიშში ნათქვამია, რომ რეპრესიულმა კანონებმა, უსამართლო სასამართლო პროცესებმა და პოლიციის დაუსჯელობამ ძალის უკანონო გამოყენებისთვის ხელისუფლებას რეპრესიების გატარება გაუადვილა. 

Amnesty International-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში მშვიდობიან დემონსტრანტებს, ჟურნალისტებს, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს თვითნებურად აკავებდნენ, აწამებდნენ და სასტიკად ეპყრობოდნენ, რასაც მათ წინააღმდეგ მოჰყვებოდა უსამართლო სასამართლო პროცესები. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ უფლებადამცველებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიას მუდმივად ავიწროებდნენ, მათ შორის- აქტივების გაყინვისა და მარეგულირებელი წნეხის მეშვეობით.

Amnesty International ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საქართველოში ქალი დემონსტრანტები გენდერულ ძალადობას განიცდიდნენ. 

„პროტესტი, რომელიც 2024 წლის ბოლოს „ქართული ოცნების“ განცხადებამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებაზე გამოიწვია, მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდა. ის გამოიხატებოდა თბილისში ყოველდღიური დემონსტრაციებით, ხოლო სხვა დიდ ქალაქებში-  რეგულარული აქციებით. 

ამ საპროტესტო ტალღების საპასუხოდ „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი რეპრესიული კანონი მიიღო. პარტიამ პოლიტიკური გავლენა სამართალდამცავ, მართლმსაჯულების და ზედამხედველობის ორგანოებზე კონტროლის განსამტკიცებლად გამოიყენა და პოლიტიკური შურისძიების იარაღად აქცია. წმენდა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს შეეხო, რაც იმ საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მასობრივ დათხოვნაში გამოხატა, რომლებიც პროტესტს გულშემატკივრობდნენ“, – ნათქვამია Amnesty International-ის ანგარიშში.

გთავაზობთ Amnesty International-ის მიერ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასებას:

მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება 

დაშინების, დიდი ჯარიმების, თვითნებური დაკავებების, სასტიკი მოპყრობისა და უსამართლო სასამართლო პროცესების მიუხედავად, ასობით ადამიანი აგრძელებდა პროტესტის გამოხატვას. მშვიდობიან დემონსტრაციებს ხშირად ძალის უკანონო გამოყენებით უპირისპირდებოდნენ, რაც დაძაბულობას ზრდიდა და ძალადობის ცალკეულ ინციდენტებს იწვევდა, უმეტეს შემთხვევაში, პოლიციის აგრესიაზე საპასუხოდ. 

2024 წლის მიწურულს უწყვეტი პროტესტის ჩასახშობად საკანონმდებლო ცვლილებები მიიღეს, რომლებითაც დაწესდა დიდი ჯარიმები ისეთი მშვიდობიანი საპროტესტო ქმედებებისთვის, როგორებიც ნიღბის ტარება თუ გზის გადაკეტვაა. 17 ოქტომბერს პარლამენტმა ახალი კანონების ვრცელი პაკეტი დაამტკიცა, რითაც მშვიდობიანი შეკრების უფლება კიდევ უფრო შეიზღუდა. სამართალდამცავებს ფართო უფლებები მიენიჭათ, დაეჭირათ ხალხი მშვიდობიანი საპროტესტო ქმედებებისთვის, მათ შორის ნიღბის ტარების, კარვის დადგმისა თუ გზის გადაკეტვისთვის. ასეთი ქმედებები 15 დღემდე პატიმრობით, ხოლო ორგანიზატორებისთვის 20 დღემდე პატიმრობით ისჯებოდა. მათი განმეორებით ჩადენა კი 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. 

ხელისუფლება სისტემატურად დევნიდა აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და ოპოზიციის მომხრეებს – ჩხრეკდა მათ და ართმევდა საპროტესტო მასალებს. კანონების მიღების მომდევნო 1 კვირის განმავლობაში 100-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს.

წამება და სხვა სასტიკი მოპყრობა 

ნიღბიანი პოლიციელები რეგულარულად სცემდნენ დაკავებულებს როგორც დაპატიმრებისას, ასევე პატიმრობაში ყოფნის დროს. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული უცნობი პირები, რომელთაგან ზოგი შეიარაღებული და აშკარად ხელისუფლებასთან დაკავშირებული იყო, აშინებდნენ და თავს ესხმოდნენ დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებს, მათ შორის მათ სახლებსა და სამსახურებთან ახლოს, რაზეც პოლიცია თვალს ხუჭავდა. ბევრ დაკავებულს ადვოკატთან თუ ოჯახთან დაკავშირების უფლებას არ აძლევდნენ და უარს ეუბნებოდნენ გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებაზე.

 საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს, ხოლო 3 სექტემბერს, პოლიციელისთვის ფიზიკური ზიანის სავარაუდოდ მიყენებისთვის, ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სხვიტარიძემ თქვა, რომ ადვოკატის გარეშე დაკითხეს და ნიღბიანმა პოლიციელებმა არაერთგზის აწამეს. დაზიანებების სამედიცინო აღწერილობის მიუხედავად, რომლებიც მას დაკავების დროს მიაყენეს, წლის ბოლოსთვის რაიმე ეფექტიანი გამოძიება არ ყოფილა ჩატარებული.

ძალის უკანონო გამოყენება 

მთელი წლის განმავლობაში პოლიცია მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად უკანონო ძალას იყენებდა, მათ შორის, ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებსა და წყლის ჭავლს. ასობით დემონსტრანტმა სერიოზული ტრავმები მიიღო, მათ შორის მოტეხილობები და ტვინის შერყევა, ხოლო 100-ზე მეტი ჟურნალისტი დაიჭრა.

პოლიციის მხრიდან ძალადობამ იმატა 4 ოქტომბრის არჩევნების დღეს გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, რომლის დროსაც რამდენიმე დემონსტრანტმა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა სცადა. სპეცრაზმელებმა სამხედრო რეიდები მოაწყვეს და გადაჭარბებული ძალის გამოყენებით 60-ზე მეტი დემონსტრანტი მათსავე სახლებში დააკავეს. 

ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის შესახებ ფართოდ გავრცელებული ცნობების მიუხედავად, წლის ბოლოსთვის არცერთი პოლიციელისა თუ ხელისუფლების მომხრე თავდამსხმელის პასუხისმგებლობა არ დამდგარა. 

დეკემბერში ხელისუფლებამ BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟში გამოთქმული ვარაუდების გამო გამოძიება დაიწყო, რომელთა თანახმადაც დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლში აკრძალული მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული. ამ ვარაუდების შესწავლის ნაცვლად გამოძიებამ იმ ექსპერტთა და თვითმხილველთა დაშინება სცადა, რომლებმაც BBC-ის რეპორტაჟისთვის შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინეს. 

თვითნებური დაკავება და უსამართლო სასამართლო პროცესი 

დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების თვითნებური დაკავება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ადამიანებს აპატიმრებდნენ სახლებში, სამსახურებსა თუ ქუჩებში მხოლოდ და მხოლოდ საპროტესტო აქციებზე ყოფნის გამო. 

მოსამართლეები, როგორც წესი, უარს ამბობდნენ დაკავებულთა გირაოთი გათავისუფლებაზე ყოველგვარი მკაფიო საფუძვლისა თუ მტკიცებულების გარეშე, რომლითაც პატიმრობა გამართლდებოდა. 

ათობით ადამიანის, განსაკუთრებით, ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეთა საქმეების განხილვა უსამართლო პროცესებზე მოხდა, რომლებიც პროცედურული დარღვევებითა და პროკურატურის მიკერძოებით გამოირჩეოდა.

ცნობილი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს 2025 წლის 11 იანვარს ბათუმში გამართული საპროტესტო აქციის დროს. პირველად მცირე ხნით, საპროტესტო სტიკერის გაკვრისთვის დააკავეს, ხოლო გამოშვების შემდეგ – ხელმეორედ, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო. მოსამართლემ, საქმის ხანმოკლე განხილვის შემდეგ, უარი თქვა მისთვის გირაოს შეფარდებაზე, რასაც უსამართლო სასამართლო პროცესი მოჰყვა. 5 აგვისტოს მზია ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა შეუფარდეს. პატიმრობაში მზიას ჯანმრთელობა უკიდურესად გაუარესდა.

იანვარში პროტესტის მონაწილეებს, ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს, 2.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს პოლიციის დამცავი ჯებირის დაზიანებისთვის. ეს განაჩენი მათ წინასწარ პატიმრობაში თვეების გატარების შემდეგ გამოუტანეს, სადაც მათ, გავრცელებული ცნობების თანახმად, სასტიკად ეპყრობოდნენ. ისინი 14 ნოემბერს გამოუშვეს საპროცესო გარიგების საფუძველზე, რომლითაც დარჩენილი 1 წლით პირობითი სასჯელი განესაზღვრათ. 

ივლისში 19 წლის საბა ჯიქიას 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პროტესტის დროს პოლიციელისთვის ფეხის სავარაუდოდ დარტყმის გამო. სასამართლო პროცესმა შეშფოთება გააჩინა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების დარღვევის თაობაზე, მათ შორის იმის გამო, რომ გამოყენებული იქნა სადავო ვიდეომასალა და უგულებელყოფილი იქნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცედურები, რომლებიც საქართველოში ჩვეულებრივ 19 წლის პირებზეც ვრცელდება. 

სექტემბერში 19 დემონსტრანტს, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, უსამართლო სასამართლო პროცესის შედეგად 2 და 2.5 წლით პატიმრობები შეეფარდა. ისინი დამნაშავეებად ცნეს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდების – 2024 წლის ბოლოს პროევროპული დემონსტრაციების დროს „ჯგუფურ ძალადობაში“ მონაწილეობის საფუძველზე. 

ივნისი-დეკემბრის პერიოდში 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თვითნებურად დააკავეს და დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს საპარლამენტო კომისიასთან თანამშრომლობაზე, რომლის ლეგიტიმურობა და ობიექტურობა საყოველთაო ეჭვს იწვევდა. წლის ბოლოსთვის ყველა მათგანი ციხეში იყო – ზოგი წინასწარ პატიმრობაში სასამართლო პროცესის დასრულებას ელოდებოდა, ზოგი კი მისჯილ პატიმრობას იხდიდა. 

გაერთიანების თავისუფლება 

სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები, დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკოსები რეპრესიული კანონების, პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და ადმინისტრაციული პროცედურების წნეხს განიცდიდნენ. 

2024 წელს მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელი ჯგუფების ინსპექტირების და სისხლისსამართლებრივი გამოძიებების დასაწყებად იყენებდა. ამ ჯგუფებს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებდნენ და კანონში ბუნდოვნად განსაზღვრულ „პოლიტიკურ საქმიანობას“ ეწეოდნენ, სანქციებით ემუქრებოდნენ. 

აგვისტოში ხელისუფლებამ ყადაღა დაადო შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს და ისინი საბოტაჟის მოწყობაში დაადანაშაულა 2024 წელს მომიტინგეებისთვის სამედიცინო საშუალებების, დამცავი აღჭურვილობის, იურიდიული დახმარებისა და სხვა სახის მხარდაჭერის უზრუნველყოფის გამო. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები არაერთხელ დაიბარეს გამოკითხვაზე. 

ოქტომბერში „ქართულმა ოცნებამ“ სარჩელი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლითაც სამი ოპოზიციური პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ლელო/ძლიერი საქართველოს“ – აკრძალვა მოითხოვა და ისინი კონსტიტუციური წყობილების დამხობის, პროტესტის გაღვივებისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მცდელობაში დაადანაშაულა. 

გენდერული ძალადობა 

პროტესტის მონაწილე ქალები ხშირად ხდებოდნენ გენდერული ძალადობის, მათ შორის სექსუალური ხასიათის შეურაცხყოფის, სექსუალური ძალადობის მუქარისა და გაშიშვლებით დამამცირებელი ჩხრეკის ობიექტები. მიუხედავად ხელისუფლების მიერ ივნისში გაცემული დაპირებისა, რომ გაშიშვლებით ჩხრეკის პრაქტიკა შეწყდებოდა, ცნობები ასეთი ძალადობის შესახებ ისევ ვრცელდებოდა. მაღალი თანამდებობის პირების მიზოგინიური და სექსისტური რიტორიკა კვლავ ახალისებდა დემონსტრანტი ქალების მიმართ ძალადობას. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია 2025 წლის 28 მარტს პარლამენტის წინ გამართულ მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობისთვის დააკავეს. მისი თქმით, პოლიციელებმა ის ძალის გამოყენებით დააკავეს, გააშიშვლეს, შიშველ მდგომარეობაში საწოლზე ძალით დააწვინეს და უარი უთხრეს მისთვის აუცილებელი წამლის მიცემაზე. 

აქტივისტი ქრისტინა ბოტკოველი, მის სახლში 2025 წლის 1 თებერვალს მოწყობილი საპოლიციო ჩხრეკის დროს, აიძულეს, სრულად გაშიშვლებულიყო, რის გამოც მას პანიკური შეტევა დაემართა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა. 

ჯანსაღი გარემოს უფლება 

ადგილობრივმა აქტივისტებმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე დაგეგმილ ტურისტულ პროექტთან, ასევე თბილისში „კრწანისი-იგლ ჰილზის“ ურბანული განვითარების პროექტთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით საკითხებზე. უნდობლობა ამ ორი პროექტის მიმართ გამჭვირვალობისა და საჯარო კონსულტაციების ნაკლებობამ გამოიწვია.