1 აპრილიდან აფხაზეთუ სრულად გადადის ელექტროენერგიაზე, რომელსაც ენგურჰესზე გამოიმუშავებს.
31 მარტის 00:00 საათიდან (მოსკოვის დროით) შეწყდა რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიწოდება, რომელიც ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტის გამო ხორციელდებოდა. ამის შესახებ სააგენტო TASS-ს „ჩერნომორენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა, ტიმურ ჯინჯოლიამ განუცხადა.
გამოცემის ცნობითვე, ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონის შესანარჩუნებლად, აფხაზეთი 2025 წლის 1 აგვისტოდან 31 დეკემბრამდე, ღამის საათებში და უქმე დღეებში, რუსეთიდან ელექტროენერგიას ყიდულობდა. იანვრიდან მარტის ბოლომდე კი რუსეთი აფხაზეთს ელექტროენერგიას უსასყიდლოდ აწვდიდა.
“აღნიშნული ზომების შედეგად, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად, აფხაზეთმა შემოდგომა-ზამთრის პერიოდი გეგმური გამორთვებისა და სერიოზული ავარიების გარეშე გაიარა. 31 მარტს, 00:00 საათზე (მოსკოვის დროით), აფხაზეთი აჩერებს რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღებას და სრულად გადადის ენგურჰესის გამომუშავებაზე. ჯვრის წყალსაცავში წყლის შემოდინების ზრდა და დონის მატება აფხაზეთის საჭიროებებს ფარავს“ ,- განაცხადა ჯინჯოლიამ.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს აფხაზეთი ზაფხულიდან კვლავ გეგმავს კომერციული ელექტროენერგიის შესყიდვას და წინასწარი გათვლებით ეს აფხაზეთს დაუჯდება დაახლოებით 1.4 მილიარდი რუბლი.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
