უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსული დრონები თავს დაესხნენ ქალაქ ლვივის ცენტრს. უწყების ცნობით, გარდა იმისა, რომ დაშავდნენ მოქალაქეები, დაზიანდა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებსაც იუნესკო იცავს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს თავდასხმა შეაფასა როგორც “ბარბაროსობა” და “კულტურული დანაშაული”.

“ეს თავდასხმა არის არა მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, არამედ კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც საერთაშორისო დაცვის ქვეშაა […] ლვოვის ცენტრზე თავდასხმით რუსეთმა აჩვენა თავისი ბარბაროსული უგულებელყოფა საერთაშორისო ძალისხმევისა და თავად იუნესკოს ძალისხმევის მიმართ.

[…] აგრესორმა, რომელიც განზრახ ანადგურებს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას ქალაქში, სადაც იუნესკოს ცენტრია განთავსებული, უნდა დაკარგოს ყველა გავლენა საერთაშორისო ინსტიტუტებში და უნდა აღმოჩნდეს მძიმე შედეგების წინაშე”, – წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

EPA/MYKOLA TYS

უწყების ინფორმაციით, უკრაინაში პირველი იუნესკოს ცენტრი სწორედ ქალაქ ლვივში დაარსდა. მის დაფუძნებაში წვლილი შეიტანეს როგორც თავად გაერომ, ისე უკრაინის სხვა საერთაშორისო პარტნიორებმა. ცენტრის მიზანი იყო უკრაინული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, აღდგენა და მხარდაჭერა ომის დროს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რუსეთმა ამ თავდასხმით კიდევ ერთხელ დაარღვია ჰააგის 1954 წლის კონვენცია, რომელიც გულისხმობს კულტურული ფასეულობების დაცვას შეიარაღებული კონფლიქტის დროსაც კი.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, არ შემოიფარგლონ მხოლოდ შეშფოთებით. უკრაინელი დიპლომატები ოფიციალურად მიმართავენ იუნესკოს, აღირიცხოს თავდასხმის შედეგად მიყენებული ზიანი და რუსეთს “კულტურული სანქციები” დააკისრონ.