“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროგრამის მენეჯერი, სანდრო ბარამიძე ხსნის, როგორ მომზადდა საქართველოს შესახებ მოსკოვის მექანიზმის ანგარიში 3 კვირაში.
ბარამიძე, რომელიც 6 წლის განმავლობაში იყო “ქართული ოცნების” მთავრობაში, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მოადგილე (აქედან 5 წლის განმავლობაში პირველი მოადგილე), ასე ეხმაურება ირაკლი კობახიძისა და მაკა ბოჭორიშვილის კომენტარებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მომზადდა ანგარიში “ძალიან მალე”. “ქართული ოცნების” ლიდერების ლოგიკით, ეს აჩენს ეჭვებს, რომ ანგარიშის ტექსტი წინასწარ იყო დაწერილი, ხოლო ავტორი მიკერძოებული იყო.
საპასუხოდ ბარამიძემ ჩამოთვალა სამი არგუმენტი:
- მოსკოვის მექანიზმი თავისთავად ითვალისწინებს სწრაფ პროცედურებს;
- ექსპერტს, ვინც ანგარიშს ამზადებს, ირჩევენ არსებული სიიდან ინიციატორი სახელმწიფოები. მათ შორის, სახელმწიფო, რომლის მიერ ჩადენილ სავარაუდო დარღვევაზე ხდება მექანიზმის ამოქმედება;
- არ არსებობს რაიმე გასაჩივრების პროცედურა, რომელიც უკვე მომზადებულ ანგარიშს ეჭვქვეშ დააყენებს.
გთავაზობთ ბარამიძის ფეისბუქ-პოსტს სრულად:
“ქოცების, მათ შორის, კობახიძის და ბოჭორიშვილის განცხადებები იმის შესახებ, რომ მოსკოვის მექანიზმის ექსპერტმა ანგარიში ძალიან “მალე” წარადგინა, რომ ამისთვის მას საკმარისი “დრო არ ჰქონდა”, რომ ის “მიკერძოებული” იყო, რადგან საქართველოს მიმართ ამ მექანიზმის ამოქმედების ერთ-ერთი ინიციატორი ქვეყნის – პოლონეთის მოქალაქეა და სხვა ამგვარი ინსინუაციები ჰაერში გასროლილი სიტყვებია და რაიმე სამართლებრივი შედეგები მათ არ მოჰყვება.
ჯერ ერთი, 1991 წლის მოსკოვის დოკუმენტის თანახმად, რომლითაც ეუთოს წევრმა ქვეყნებმა მოსკოვის მექანიზმი დააფუძნეს, მოსკოვის მექანიზმი ძალზე ხანმოკლე პროცედურას ითვალისწინებს, რაც იმით არის განპირობებული, რომ ეუთოს წევრმა ქვეყნებმა სწრაფი რეაგირება მოახდინონ ეუთოს ამა თუ იმ ქვეყანაში ადამიანური განზომილების მხრივ არსებულ პრობლემებზე. ამ დოკუმენტის მე-7 პუნქტის თანახმად, ანგარიში უნდა მომზადდეს რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ არა უმეტეს 3 კვირის ფარგლებში, პოლონელ ექსპერტს სწორედ ამდენი დრო დასჭირდა თავისი ანგარიშის მოსამზადებლად.
როდესაც ეუთოს შეუერთდა, საქართველომ აიღო ყველა ვალდებულება, რომელიც ამ ორგანიზაციას თავისი წევრებისთვის აქვს დადგენილი, მათ შორის, მოსკოვის დოკუმენტიდან გამომდინარე ვალდებულებებიც და მათ შორის, ანგარიშის მომზადების დროის ნაწილშიც. შესაბამისად, ქოცებისთვის ცნობილი იყო, რომ ანგარიში “მალე” მომზადდებოდა.
მესამე, საერთოდ არ არსებობს რაიმე გასაჩივრების, გაპროტესტების ან შემოწმების პროცედურა, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შემუშავებული ანგარიშის ვალიდურობას.
მაშასადამე, ქოცების განცხადებები არის მხოლოდ უსუსური პროპაგანდა, რომელიც თვითონ ქოცების გარდა სხვას ვერავის ვერაფერში დაარწმუნებს ან გადაარწმუნებს. ჩემი რჩევაა, დაანებონ თავი ბავშვურ თავის მართლებას და დროულად შეასრულონ მათ მიმართ ანგარიშში გამოთქმული ყველა რეკომენდაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადვილი სავარაუდოა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა თავად შეუდგება იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომლებიც ექსპერტმა საერთაშორისო თანამეგობრობას განუსაზღვრა”, – წერს ბარამიძე.
საქართველოს შესახებ მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ძირითად აქცენტებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე:
