nikol pashinyan

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ 7 ივნისს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი: აგრძელებს თუ არა სომხეთი ყარაბაღის მოძრაობას.

„არმენპრესის“ ცნობით, ფაშინიანმა ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა.

„მინდა შევეხო მშვიდობისა და ომის თემას, ბოლო დროს ჩემ მიერ გაკეთებული აქცენტების თვალსაზრისით. ახლა ნახეთ, სომხურ რეალობაში, როდესაც სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა საბაბით საუბრობენ არცახის რესპუბლიკაზე, არცახის პრობლემაზე და ა.შ., ჩვენ უნდა გვესმოდეს ამ სიტყვების რთული კონსტრუქციები, უნდა გვესმოდეს, რის შესახებ არის საუბარი. ანუ სიტყვას აქვს ფასი და აქვს შედეგი, სიტყვა არის მოქმედება ან მოქმედების გეგმა. როდესაც ამ გამოთქმებს ვიყენებთ, უნდა გვესმოდეს, რა არის ამის შემდეგი ნაბიჯი.

როდესაც ეს ფრაზა ჟღერს – იქნება ეს ეკლესიის საკურთხევლიდან, სამეცნიერო ლოგიკით, საჯარო თუ ნებისმიერი სხვა ლოგიკით, უბრალოდ არ არსებობს ვარიანტი, რომ ამან ადრე თუ გვიან კონფლიქტი არ გამოიწვიოს. არ ვამბობ, ხვალ ან ორშაბათს, მაგრამ ეს გარკვეულ მომენტში გამოიწვევს კონფლიქტს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, უნდა იყოს მიღებული მკაფიო გადაწყვეტილება – აგრძელებს თუ არა სომხეთი ყარაბაღის კონფლიქტს, რადგან ახლა პოლიტიკური ველი სწორედ ამ ლოგიკით არის განლაგებული: მშვიდობის პარტია, რომელიც ამბობს, რომ ყარაბაღის მოძრაობა არ უნდა გაგრძელდეს, და ომის პარტია, რომელიც არსებითად, პირდაპირ თუ ირიბად ამბობს, რომ ყარაბაღის მოძრაობა უნდა გაგრძელდეს.

„სამოქალაქო ხელშეკრულება“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც ამბობს, რომ ახალ კონსტიტუციაში დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე მითითება არ უნდა იყოს. რატომ? იმიტომ, რომ ეს არ არის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, ეს არის კონფლიქტის დეკლარაცია, რადგან ამით ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფოს ვქმნით არა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად, არამედ სახელმწიფოს ვაფუძნებთ მთიანი ყარაბაღისა და დასავლეთ სომხეთისთვის. ეს არის კონფლიქტის დეკლარაცია და თუ ამ გზით წავალთ, კონფლიქტი გარდაუვალია. ყოველდღიურ საჯარო პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩვენ ამ საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. მე, როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრი და პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ გამგეობის თავმჯდომარე, მკაფიოდ ვამბობ: ჩვენ ეს აღარ უნდა გავაგრძელოთ.

ჩვენ უნდა გვესმოდეს ეს გარემო, მეორე მხრივ კი, უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენ დავაფიქსირეთ და გვაქვს მშვიდობა, შესაბამისად, ამ არჩევანს ვერავინ გაექცევა: ვაგრძელებთ ყარაბაღის მოძრაობას თუ არა? თუ ვაგრძელებთ – ეს ომია, თუ არ ვაგრძელებთ – ეს მშვიდობაა. მშვიდობა ყოველდღიურად გაძლიერდება, დამოუკიდებლობაც ყოველდღიურად გაძლიერდება, სუვერენიტეტიც ყოველდღიურად გაძლიერდება, სომხეთის რესპუბლიკაც ყოველდღიურად გაძლიერდება და მე ვუდგავარ სათავეში ამ მოძრაობას, ვინც მეთანხმებით – წამომყევით“.