სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მისთვის ქართულ მხარეს არ უთხოვია, რომ ევროპარლამენტში გამოსვლისას საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაყინული დიალოგის შესახებ ესაუბრა.
ამის შესახებ ფაშინიანმა დღეს, 12 მარტს მედიას განუცხადა.
ჟურნალისტმა ფაშინიანს ჰკითხა, იყო თუ არა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ ევროპარლამენტში მისი განცხადება დაკავშირებული მის ბოლო ვიზიტთან თბილისში და იყო თუ არა ქართული მხრიდან თხოვნა ან მოწოდება, რომ ეს საკითხი ევროპელი პარტნიორების წინაშე დაეყენებინა.
„ქართული მხრიდან თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ საერთო დღის წესრიგი გვაქვს, რომლის გარშემოც ვმუშაობთ. ჩემი წუხილი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან იმიტომ გავახმიანე, რომ ჩვენ მართლაც შეშფოთებულნი ვართ იმ ვითარებით, რაც ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებშია და ეს ჩვენც გვაწუხებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ევროინტეგრაციისთვის ყველაზე დიდ პრობლემად ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვა დაასახელა. ფაშინიანის თქმით, სწორედ საქართველოზე გადის სომხეთის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა.
