საპროტესტო კარვები, რომლებიც პარლამენტის წინ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იყო გაშლილი, აიღეს. პროევროპული აქციების მონაწილე, დარეჯან ცვხიტარია ამბობს, რომ გუშინ ღამე ერთ-ერთ კარავს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც დღეს, 12 მარტის დილით, პოლიციაში გამოკითხვაზე იძულებით წაიყვანეს. პარლამენტთან დაბრუნებულს კარვები აღარ დახვდა. ის ვარაუდობს, რომ ცეცხლი განზრახ გააჩინეს, რითაც კარვების აღების საფუძველი შექმნეს.
როგორც ცხვიტარია ჰყვება, ერთ-ერთ კარავში ცეცხლი დაახლოებით ღამის 2 საათზე გაჩნდა. მისი ჩაქრობა მალევე შეძლეს და არც არავინ დაშავებულა. ცხვიტარია ამბობს, რომ დილით პოლიციამ განყოფილებაში გამოსაკითხად იძულებით გადაიყვანა.
“ამ დილით, 7 საათზე მოვიდნენ ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებიდან, ძალიან ბევრი მოვიდა – ყაჩაღები ჰყავდათ აქედან ასაყვანი თუ რა იყო, არ ვიცი. გამობრძანდით გარეთო. მე ვუთხარი, რატომ უნდა გამოვიდე, რის საფუძველზე? ვზივარ ჩემს კარავში, აქ ვარ 1 წელზე მეტია, რატომ უნდა გამოვიდე-მეთქი?! ტელეფონი მეჭირა ხელში, გამომგლიჯა. არ გამოვდიოდი, ორმა პოლიციელმა მომკიდა ხელი, გამომათრიეს, ჩამსვეს მანქანაში. მითხრეს, არ ინერვიულოთ, ამ მანქანით წაგიყვანთ და ამ მანქანით მოგიყვანთო. 4 საათი მაყურყუტეს პოლიციის განყოფილებაში.
[…] ეჭვი გამიჩნდა, რომ სპეციალურად გააკეთეს. იმიტომ, რომ ამ კარვების აღება უნდოდათ. სხვა მეთოდი ვერ მოძებნეს?! მაინცდამაინც აქაურობა უნდა დაეწვათ?! […] ამ დილით რომ მოვიდნენ პოლიციელები, ზღვა ხალხი, მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო შეგნებულად გაკეთებული და ვუთხარი კიდევაც – თქვენ ეს შეგნებულად გააკეთეთ, სხვა მეთოდი ვერაფერი მოძებნეთ ამ კარვების ასაღებად და ახლა, მე მგონი, ამ კარვებსაც აიღებთ-მეთქი. არავინ არ მოკიდებს, ქალბატონო, ხელსო. 4 საათი ვიყავი პოლიციის განყოფილებაში. იქაც ვუთხარი და ახლაც ვამბობ – მე ბრძოლას არ შევწყვეტ. ფეხზე დამდგარი სანამ შევძლებ, სანამ არ მოვკვდები … თუ გამასვენებენ, თორემ აქედან ვერავინ ვერ გამიყვანს”, – ამბობს დარეჯან ცხვიტარია.
ნეტგაზეთი ინფორმაციის გადასამოწმებლად და დეტალების დასაზუსტებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პრესსამსახურის თანამშრომელმა გვითხრა, რომ არკვევს საკითხს. უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
განახლება: შსს-ს ინფორმაციით, კარავში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც “ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს”.
ფაქტის შემსწრე აქტივისტების – 1996 წელს დაბადებული გოჩა ბაშელიშვილისა და 1975 წელს დაბადებული რომან იაცენკოს გადმოცემით, ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ პარლამენტის წინ განთავსებულ ერთ-ერთ კარავში, რა დროსაც კარავს გაურკვეველ ვითარებაში გაუჩნდა ცეცხლი […]
გამოკითხვის მიზნით გოჩა ბაშელიშვილი და რომან იაცენკო გადაყვანილ იქნენ პოლიციაში. ალკოტესტით გადამოწმების შედეგად მათ ალკოჰოლური თრობა დაუდასტურდათ.საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გამოკითხვის მიზნით, პოლიციის განყოფილებაში ასევე გადაყვანილ იქნა ინციდენტის დროს ადგილზე მყოფი კიდევ ერთი პირი – დარეჯან ცხვიტარია.მომხდარ ფაქტზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ადგილის დათვალიერების პროცესში განხორციელდა ხანძრის შედეგად დაზიანებული კარვის ამოღება. ასევე, დამატებით უსაფრთხოების მიზნით მოხდა მიმდებარე პერიმეტრის გათავისუფლება”, – წერია შსს-ს განცხადებაში.
დარეჯან ცხვიტარია ჰყვება, რომ პერიოდულად კარვებთან უცხო ადამიანები მიდიოდნენ, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ამ კარვების გამო. ცხვიტარია ფიქრობს, რომ მათ განზრახ აგზავნიდნენ, რითაც კარვების ასაღებად საფუძვლის შექმნას ცდილობდნენ.
ცხვიტარია ამბობს, რომ არ იცის, სად არის მისი ნივთები, მათ შორის, ფული, რომელიც კარავში ჰქონდა.
პარლამენტის წინ საპროტესტო კარვები პროევროპული აქციების დასაწყისიდანაა გაშლილი. სხვადასხვა დროს ამ კარვებში არაერთი ადამიანი შიმშილობდა. მათ შორის, პოლიტიკოსები ელენე ხოშტარია და გედევან ფოფხაძე, ამჟამად 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ვახო ფიცხელაური და ა.შ. დარეჯან ცხვიტარია წელიწადზე მეტია, უწყვეტად, ამ კარვებში ათენებს ღამეს.
