უნგრეთის ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ ლიდერმა, პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ უახლოეს დღეებში დაიწყებს რუს პოლიტტექნოლოგებთან ერთად მომზადებულ დეზინფორმაციულ კამპანიას.

მადიარის თქმით, ამ კამპანიის ძირითადი სამიზნე სოციალური ქსელები, უმეტესწილად კი TikTok იქნება.

მანამდე გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პოლიტტექნოლოგთა ჯგუფსა და რუსეთის სამხედრო დაზვერვას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევა დაავალა, რათა ვიქტორ ორბანის გამარჯვება უზრუნველყონ.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, კრემლის გეგმა ითვალისწინებს, ბუდაპეშტში რუსეთის საელჩოში ჩანერგოს სოციალური მედიით მანიპულაციის რუსი ექსპერტები, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტებით.

„უახლოეს დღეებში პარტია „ფიდესი“, რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად, დაიწყებს ცილისწამებისა და დეზინფორმაციის კამპანიას, რომელიც უკვე გამოცდილია მოლდოვაში. პროცესი ძირითადად სოციალურ ქსელებში, კერძოდ TikTok-ზე წარიმართება“, — აცხადებს პიტერ მადიარი.

პიტერ მადიარის განცხადებით, ორბანის პარტია „ფიდესმა“ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნა 14 ვიდეორგოლი, რომლებიც მისი და მისი ოჯახის წევრების დისკრედიტაციას ემსახურება. მის თქმით, მოსალოდნელია, რომ ვიდეოებს ყალბი ანგარიშები გაავრცელებენ, რომელთა მფლობელებსაც, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ათეულ მილიონ ფორინტს (ათეულობით ათას ევროს) გადაუხდიან.

მადიარმა მოუწოდა ორბანს, შეაჩეროს დაგეგმილი დეზინფორმაციული კამპანია და გააძევოს რუსი აგენტები უნგრეთიდან.

„ყველა პირი, ვინც ამ დანაშაულებში მონაწილეობდა, 12 აპრილის შემდეგ წარდგება სასამართლოს წინაშე“, — განაცხადა მადიარმა.

პიტერ მადიარმა მანამდეც მიმართა რუსეთს თხოვნით, თავი შეეკავებინა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე ნებისმიერი სახის ზეგავლენისგან, რის სანაცვლოდაც მოსკოვს „ბალანსირებულ“ ურთიერთობებს დაჰპირდა.

საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში 12 აპრილსაა დაგეგმილი.

უნგრეთში გამოქვეყნებული ბოლო გამოკითხვით, მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესს“ 11%-ით უსწრებს მისი მთავარი კონკურენტის, პიტერ მადიარის პოლიტიკური გაერთიანება „ტისა“.

კერძოდ, უახლესი კვლევის მიხედვით, „ტისას“ მხარს 42% უჭერს, „ფიდესს“ კი – 31%. ეს სხვაობა კიდევ უფრო დიდია გადაწყვეტილ ამომრჩეველს შორის და აქ მადიარი ორბანს 20%-ით უსწრებს. ანუ იმ ამომრჩევლებიდან, რომლებსაც უკვე მკაფიოდ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია იმის შესახებ, თუ ვის მისცემენ ხმას არჩევნებში, 55% ამბობს, რომ მხარს ოპოზიციურ პარტია „ტისას“ უჭერს, მმართველი ძალას – 35% .

ამასთან, გამოკითხვის მიხედვით, ოპოზიციური „ტისას“ მხარდამჭერთა თითქმის სრული უმრავლესობა (97%) აცხადებს, რომ აპრილში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. ეს მაჩვენებელი „ფიდესის“ მხარდამჭერთა შემთხვევაში 85% არის.