სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალ საქმეზე გამოძიება დაიწყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს და 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საქმე ეხება ბაჩო ახალაიას განცხადებას სასამართლო პროცესზე, რომ „ეს ხელისუფლება არის დასამხობი, რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით“.

ბაჩო ახალაია გასული წლის 25 დეკემბერს დააკავეს. მას 4 ოქტომბრის პროტესტთან დაკავშირებით „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას“ ედავებიან, რაც სასჯელის სახით 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.