სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ “რესპუბლიკა აგრძელებს შეიარაღებული ძალების სისტემურ განვითარებას და სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას რუსეთთან”. ამის შესახებ დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა,  იური იაროვიცკიმ გამოცემა Rossiyskaya Gazeta-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სამხედრო ნაწილები აქტიურად ემზადებიან ტაქტიკურ-სპეციალური სწავლებებისთვის საბრძოლო სროლებით, ასევე 9 მაისის “გამარჯვების დღისადმი” მიძღვნილი სამხედრო აღლუმისთვის – წვრთნები ტარდება რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზასთან ერთად და მოიცავს საერთო-სამხედრო ბრძოლის ელემენტებს, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას.

დე ფაქტო მინისტრის განცხადებით, “ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია რუსეთის ფედერაციასთან ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სივრცის ფარგლებში, რაც 2015 წლის 18 მარტს გაფორმებულ მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმებას ეფუძნება”.

მისივე თქმით, 2026 წლიდან ახალი წესი ამოქმედდება იმ სამხედროებისთვის, რომლებიც რუსეთის სამხედრო სასწავლებლებში სწავლობენ – ისინი ვალდებული იქნებიან, სწავლის დასრულების შემდეგ სამხრეთ ოსეთში დაბრუნდნენ და სამსახური განაგრძონ.

ამასთან, დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო ქმნის უპილოტო სისტემებისა და რადიოელექტრონული ბრძოლის სპეციალურ ცენტრს, რომელიც, როგორც იაროვიცკი ამბობს, თანამედროვე სამხედრო გამოწვევებზე რეაგირებას ისახავს მიზნად.

იაროვიცკის თქმით, სამხედრო რეფორმა პირად კონტროლზე ჰყავს პრეზიდენტს  [დე ფაქტო – რედ.] ალან გაგლოევს.