სუს-ის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით დაკავებულია და პასუხისგებაში მიცემული 30 ადამიანი.
ბრალდებულებს შორის არიან მეხანძრე-მაშველი, ახმეტის საკრებულოს წევრი და მერიის თანამშრომლები, წალენჯიხის, მარტვილისა და მარნეულის მერიის თანამშრომლები, ცაგერის და გარდაბნის მერების ყოფილი წარმომადგენლები, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, „სენაკის საფეხბურთო კლუბის“ დირექტორი და სხვა.
პირველი საქმე
ახმეტის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დაკავებულია ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და 1 მოქალაქე.
„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირის დახმარებით, ახმეტის რაიონის სოფელ კასრისწყალში საკარანტინო სივრცის მოსაწყობად 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 3 000 ლარი“, — აცხადებს სუსი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25 — 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მეორე საქმე
ქობულეთში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია ორი ადამიანი, მათ შორის არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული სასწავლებლის, სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯ „ახალი ტალღის“ პროფესიული კურსის კოორდინატორი, რომელმაც „მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან წინასწარი შეთანხმებით ერთ პირს პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულის ყალბი სერტიფიკატი დაუმზადა“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მესამე საქმე
თბილისში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დაკავებულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი.
გამოძიების თანახმად, მეხანძრე-მაშველი, სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით, საბერძნეთის მოქალაქეს სავაჭრო ჯიხურის გასახსნელად თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ქირით აღებასა და შემდგომ საქმიანობაში მფარველობას დაჰპირდა, სანაცვლოდ 5000 ლარი მოსთხოვა და წინასწარ 1300 ლარი გამოართვა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 — 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეოთხე საქმე
დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების, სამსახურებრივი სიყალბისა და სამსახურებრივი გულგრილობისთვის მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ორ სპეციალისტს სოფელ ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში ბრალი წარედგინათ.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შეადგინეს მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ყალბი ოქმი, რომლის საფუძველზეც მოქალაქემ თაღლითურად დაირეგისტრირა სახელმწიფოს კუთვნილი 13 500 ლარის ღირებულების 2 560 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25 — 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 341-ე და 342-ე მუხლების პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მეხუთე საქმე
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობაში დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემული არიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი სოფელ ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში და ამავე მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილი წარმომადგენელი სოფელ ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში.
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სოფელ ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში ყალბი ცნობა გასცა, რომლის საფუძველზეც მოქალაქემ თაღლითურად დაირეგისტრირა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 6 300 ლარის ღირებულების 1900 კვ.მ. და 22 800 ლარის ღირებულების 6620 კვ.მ. მიწის ნაკვეთები. ყალბი ცნობა გასცა ამავე მუნიციპალიტეტის ყოფილმა წარმომადგენელმაც სოფელ ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში, რის შემდეგაც მოქალაქემ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 3216 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკუთრებაში დაირეგისტრირა“, — აცხადებს სუსი.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 25 — 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე 341-ე მუხლით, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მეექვსე საქმე
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობაში დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდება წარედგინა ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოყურეშის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის ყოფილ წარმომადგენელს. სუს-ის თანახმად, მან გასცა ყალბი ცნობა, რომლის საფუძველზეც მოქალაქემ თაღლითურად დაირეგისტრირა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 165 930 ლარის ღირებულების 11 448 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25 — 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მეშვიდე საქმე
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდება წარედგინა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მერის ყოფილ წარმომადგენელს სოფელ ყარაჯალარის ადმინისტრაციულ ერთეულში.
„მის მიერ გაცემული ყალბი ცნობის საფუძველზე, მოქალაქემ თაღლითურად დაირეგისტრირა 8840 კვ.მ. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 4 მიწის ნაკვეთი, რომელთა ღირებულება 67 060 ლარს შეადგენდა“, — განაცხადა სუს-მა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მერვე საქმე
ბრალდება წარედგინა მცხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს სამსახურებრივი სიყალბისა და დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ბრალდებით.
„ბრალდებულმა მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების აქტი შეადგინა, რომელშიც არასწორი ინფორმაცია შეიტანა, თითქოსდა მცხეთაში მდებარე მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა დაინტერესებული პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს, რის საფუძველზეც მოქალაქემ საკუთრებაში უკანონოდ დაირეგისტრირა 92 636 ლარის ღირებულების 217 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი“, — აცხადებს სუსი.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით და 25 — 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეცხრე საქმე
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ბრალდებით პასუხისგებაშია მიცემული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელი და ერთი მოქალაქე.
გამოძიების თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე 20,000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის რამდენიმე ნაწილად დაყოფა-გამიჯვნის საკითხის თითქოსდა მერიაში დადებითად გადაწყვეტის სანაცვლოდ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელმა და მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა მოქალაქისგან მოითხოვეს 60 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ აიღეს 5000 აშშ დოლარი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 — 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა „ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეათე საქმე
დიდი ოდენობით თაღლითობის, ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ასევე სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდება წარედგინათ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირების ჯგუფის თავმჯდომარეს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომელს, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების უფროს სპეციალისტს, ასევე კონტრაქტორი კომპანია კომპანია შპს „არტიფექსის“ დირექტორს და ინსპექტირების ორგანო შპს „ლტ ექსპერტის“ ექსპერტს.
გამოძიების თანახმად, მერიის მიერ ახმეტის N2 და N4 საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში ინსპექტირების ჯგუფის წევრებმა სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულეს და ინსპექტირების ორგანოს, „ლტ ექსპერტის“ ექსპერტის დახმარებით, ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით, „არტიფექსის“ დირექტორი მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 22 242 ლარს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მეთერთმეტე საქმე
დიდი ოდენობით თაღლითობის, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებისა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ბრალდებით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ასევე ამავე მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ „სენაკის საფეხბურთო კლუბის“ დირექტორსა და მის მოადგილეს ბრალდება წარედგინათ.
„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით ეკრძალებოდა პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს დაარსება და მის მართვაში მონაწილეობა, დააარსა და ფლობდა კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც ფორმალურად რეგისტრირებული იყო მისი მეუღლის სახელზე, ხოლო კომპანიის საქმიანობას იგი ერთპიროვნულად წარმართავდა და სამსახურებრივ მფარველობას უწევდა. კომპანიის მეშვეობით მან მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა „სენაკის საფეხბურთო კლუბის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლის მიხედვითაც ევალებოდა საფეხბურთო კლუბ „ეგრისის“ ფეხბურთელების სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯების მომსახურება. საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ საფეხბურთო კლუბის დირექტორსა და მის მოადგილესთან, წინასწარი შეთანხმებით, შეადგინა მომსახურების გაწევის ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტები, დოკუმენტებში გაწეული მომსახურების გაზრდილი ოდენობების შესახებ ყალბი ინფორმაცია შეიტანეს, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 21 212 ლარს“, — აცხადებს სუსი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25 — 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 337-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მეთორმეტე საქმე
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგისა და ანგარიშსწორების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და ორი წევრი, ასევე, სამუშაოებზე ზედამხედველი კომპანიის ორი ექსპერტი და სამუშაოების შემსრულებელი ორი კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი პირები.
გამოძიების ვერსიით, კურორტ ბეშუმში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა არასრულყოფილად, რა დროსაც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის პასუხისმგებელი პირების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო, კომპანიის ხელმძღვანელი პირები სახელმწიფოს კუთვნილ თანხებს თაღლითურად დაეუფლნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 280 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
