საქართველოში ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის ცნობით, „საქართველოს მთავრობისა და ხალხის პატივცემულმა წარმომადგენელმა“ თბილისში, ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

ელჩი არ აკონკრეტებს ჩანაწერის ავტორის ვინაობას და გამოქვეყნებული ფოტოდან მისი ხელმოწერა მოჭრილი აქვს.

ჩანაწერში ვკითხულობთ:

„ვუსამძიმრებთ ირანელ ხალხსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე სამხედრო მოქმედებებმა მრავალი ადამიანის, მათ შორის უზენაესი სულიერი ლიდერის, აიათოლა ხამენეის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, უამრავი უდანაშაულო სამოქალაქო პირისა და ათობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ვიმედოვნებთ, რომ მალე აღდგება მშვიდობა და სამხედრო მოქმედებებს დიპლომატია და პოლიტიკური დიალოგი ჩაანაცვლებს“.

„თქვენო აღმატებულებავ, როგორც ქართველი ხალხისა და საქართველოს წარმომადგენელს, მადლობას მოგახსენებთ, რომ დღეს მობრძანდით საელჩოში და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეთ. მეგობარი გაჭირვებაში იცნობა“, — დაწერა ირანის ელჩმა სოციალურ ქსელში 6 მარტს.

დღეს, 7 მარტს საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა ისრაელის საელჩომ საქართველოში.

„ვიღაცამ ახლახან თქვა: „მეგობარი გასაჭირში იცნობა.“ მეგობრობა მხოლოდ კეთილი სიტყვებით არ დასტურდება — ის რთულ დროში გამოიცდება. ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული ტერორი ახალი მოვლენა არ არის. ათწლეულების განმავლობაში თეირანის რეჟიმი, ალი ხამენეის ხელმძღვანელობით, აფინანსებდა, აიარაღებდა და ხელს უწყობდა ორგანიზაციებს, რომლებიც მოქმედებენ უდანაშაულო ისრაელელი და სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ და ძირს უთხრიან სტაბილურობას მთელ რეგიონში. ჩვენი ომი და ჩვენი ბრძოლა არ არის ირანელი ხალხის წინააღმდეგ — ხალხის, რომელიც თავად იტანჯება ამ ტერორისტული რეჟიმის 47 წლიანი მმართველობის ქვეშ. ეს არის ბრძოლა სწორედ ამ მკვლელი რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ ყველას გვსურს და ვიმედოვნებთ, რომ მალე ყველა — ირანელები, ისრაელელები და ირანის მეზობელი ქვეყნები — ვიცხოვრებთ უსაფრთხოდ და მშვიდობაში“, — ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელი აცხადებს, რომ გააგრძელებს თავისი მოქალაქეებისა და მათი უფლების დაცვას, რომ იცხოვრონ უსაფრთხოდ საკუთარ ქყვეყანაში — ისევე, როგორც ამას ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფო გააკეთებდა.

„ისტორია გვასწავლის, რომ სწორედ რთულ დროში მეგობრობა, მორალური სიმტკიცე და ტერორისა და ძალადობის მიმართ მკაფიო პოზიცია, არის ის ღირებულებები, რაც ხალხებს შორის კავშირებს განამტკიცებს. ხალხებს შორის ნამდვილი მეგობრობა იზომება მათი უნარით, გაარჩიონ თუ ვინ ირჩევს სიცოცხლის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის გზას, და ვინ ირჩევს ტერორის, ექსტრემიზმსა და ძალადობის გზას. მართალია, მეზობლებს ვერ ვირჩევთ, მაგრამ მეგობრებს ვირჩევთ. 2600-წლიანი მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებობს და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს“, — ნათქვამია ისრაელის საელჩოს განცხადებაში.

განახლება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ „ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში, გაკეთდა მთავრობის მიერ საჯაროდ გაჟღერებული განცხადების ანალოგიური ჩანაწერი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ“.

 

“სამძიმარი ირანსა და ისრაელს, სოლიდარობა არაბულ ქვეყნებს – “ოცნების” მთავრობის განცხადება ომზე