აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე დაგეგმილი ტერორისტული პროვოკაციები და სადაზვერვო საქმიანობა აღკვეთა, რომლებიც ირანის ისლამური რესპუბლიკის სპეციალური სამსახურის – ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) მიერ იყო ორგანიზებული. ამის შესახებ იუწყება Trend News Agency.
უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ შერჩეული იყო სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტი – ბაქო- თბილისი- ჯეიჰანის ნავთობსადენი. სავარაუდო შემსრულებელს კი ამის სანაცვლოდ 50 000 აშშ დოლარს ჰპირდებოდნენ. ასევე სამიზნეებს შორის დასახელდა ისრაელის საელჩო აზერბაიჯანში, ებრაელების რელიგიური თემის ერთ-ერთი ლიდერი და სინაგოგა „აშქენაზი“.
საგამოძიებო მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე კონტრაბანდულად შემოტანილი იყო სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლებიც მოგვიანებით უსაფრთხოების სამსახურმა გაანეიტრალა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ტერაქტების ორგანიზებაში უშუალოდ მონაწილეობდა IRGC-ის სადაზვერვო სტრუქტურის ოფიცერი, პოლკოვნიკი ალი ასგარ ბორდბარ შერამინი.
ბაქოს ცნობით, ირანის ოთხი მოქალაქე, რომლებიც გამოძიების თანახმად მონაწილეობდნენ სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებასა და ტერორისტული დივერსიების ორგანიზებაში, საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდნენ.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მიმდინარეობს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები იმ პირების გამოსავლენად, რომლებიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ქვეყანაში ტერაქტებსა და მკვლელობებს გეგმავდნენ.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
