აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, რესპუბლიკელმა სენატორმა სტივ დეინსმა სენატის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.
მონტანას სენატორმა სტივ დეინსმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირედ მიიჩნევა, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი მის შტატში კანდიდატების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა.
როგორც ამერიკული მედია წერს, დეინსის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა მოულოდნელი იყო. იგი ორი ვადით არჩეული სენატორი იყო, სენატში პირველად 2014 წელს მოხვდა, ხოლო 2020 წელს არჩევნებში მონტანის ყოფილი გუბერნატორი, სტივ ბულოკი დაამარცხა.
სტივ დეინსი ადრე ხელმძღვანელობდა სენატის რესპუბლიკურ საარჩევნო კომიტეტს და მჭიდროდ თანამშრომლობდა ტრამპთან, რათა 2024 წელს რესპუბლიკელებს კონგრესის ზედა პალატაზე კონტროლი დაებრუნებინათ.
„ბოლო 13 წლის განმავლობაში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატში მონტანელი ხალხის სამსახურში ყოფნა ჩემი პროფესიული კარიერის უდიდესი პატივი იყო. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ მსახურების შესაძლებლობა მომცა, თუმცა ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, კენჭი აღარ ვიყარო“, — განაცხადა დეინსმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
არჩევნებიდან სტივ დეინსის გამოთიშვის შემდეგ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იგი ერთ-ერთი ჭეშმარიტად დიდი სენატორია.
„მან ღირსეულად იმსახურა 12 წელი სენატში და 2 წელი წარმომადგენელთა პალატაში. მან შეასრულა სამუშაო, რომლის მსგავსიც ცოტას თუ შეუძლია, თუმცა, ჩვენი ქვეყნისთვის სამწუხაროდ, სტივს ვადა ეწურება და მან გადაწყვიტა დატოვოს სენატი და ესტაფეტა გადასცეს კურტ ალმეს — ჩემს პროკურორს TRUMP 45-ისა და TRUMP 47-ის ადმინისტრაციებში“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.
სტივ დეინსი და საქართველო
რესპუბლიკელი სენატორი სტივ დეინსი საქართველოში 2025 წლის მაისში იმყოფებოდა და „ქართული ოცნებისა“ და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.
მაშინ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ სენატორი საქართველოში პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების, მათ შორის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა” დღის წესრიგის ფილოსოფიისა და ნაბიჯების გასახმიანებლად ჩამოვიდა, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეეძლო გადაედგა იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ.
თბილისში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ კი სენატორმა განაცხადა, რომ „მტკიცედ მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან ორმხრივი ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინ წაწევისთვის“.
სენატორი სტივ დეინსია ერთ-ერთი პოლიტიკოსი, ვისაც მიმდინარე კვირაში აშშ-ში ვიზიტით მყოფი „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ ლიდერები შეხვდნენ. დელეგაციის ცნობით, სენატორთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა იყო.
„დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა აღადგინოს და ახალი ფურცლიდან დაიწყოს კიდევ უფრო ღრმა და ორივე მხარისთვის სასარგებლო ურთიერთობები.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი ურთიერთობების ეკონომიკური კომპონენტის გაძლიერებაზე.
საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიაში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებს.
შეხვედრაზე ისაუბრეს შუა დერეფნის მნიშვნელობაზე და მასში საქართველოს სტრატეგიულ როლზე.
განხილვის თემებს შორის იყო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები და მათი შესაძლო გავლენა რეგიონულ უსაფრთხოებაზე.
საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე“, – ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
